თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრის და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სამართალდამცველები კობა კოშაძეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის წევრის დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს, იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016-ში ორივეს რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს, მაშინ არ ჰქონდა და ეხლა რაში სჭირდებოდა?“ – დაწერა ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ოქრუაშვილის დაცვის წევრის მიმართ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის საქართველოში არ იმყოფება და დაბრუნებას ზეგ გეგმავს.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.
20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ორ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.
ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.
მოწმეების სახით შსს-მ გამოკითხა მელია თანამოაზრე ხატია დეკანოიძე, თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და გუბაზ სანიკიძე („გამარჯვებული საქართველო"), ბაჩუკი ქარდავა (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი) და ირაკლი ღლონტი („კანონი და სამართალი").
გამოკითხვაზე დაბარებულია ასევე ოქრუაშვილი, რომელმაც ქვეყანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ მალევე დატოვა.