თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. შეკვეთილში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, იუწყება პირველი არხი.
მე-19 დღეა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში კარვებში რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. პარალელურად ტარდება საპროტესტო აქციები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.
გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს მინდია ადაძე და მარად შავაძე ფოთის ჰოსპიტალში, სადაც მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ. მედიკოსებმა მათ შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს.
ადაძემ და შავაძემ ჰოსპიტალი კვირას დილით დატოვეს. ამის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ შეკვეთილში და ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, გააგრძელეს შიმშილობა.
„ეს ბიჭები ჯერჯერობით აგრძელებენ შიმშილობას, მაგრამ ძალიან უმძიმთ. ალბათ მალე შეწყვეტენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ.
პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატის, კომუნისტ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და პარლამენტში მის გამოსვლას მოყვა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.
პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 დაშავდა. რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
არეულობა და აქციის დაშლა - 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია >>
იმ დროიდან საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ყოველდღე იმართება. მომიტინგეებს ერთი შეუსრულებელი მოთხოვნა დარჩათ - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი.