თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. პარლამენტთან მოშიმშილე ორი დემონსტრანტი შეუძლოდ გახდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და მოშიმშილეებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
ერთ-ერთი აქტივისტი, ბექა ბასილაია 19 დღე, ხოლო მეორე - ვახტანგ სიხარულიძე 17 დღეა შიმშილობს.
ორივე აქტივისტს გლუკოზის დაბალი დონე და მომატებული არტერიული წნევა დაუდგინდა, თუმცა ისინი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათ კლინიკაში გადაყვანაც შესთავაზა, თუმცა მოშიმშილეები ამაზეც უარს ამბობენ.
თუმცა ექიმის რჩევით მოშიმშილეებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა მაინც შეწყვიტეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გამოსაკვლევად მივლენ.
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.
ვერძული: მოგვიანებით აქცია გახდა ძალადობრივი, პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო >>
საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 - პოლიციელია. დაშავებულებს დაზიანებები ძირითადად თავისა და ხელების არეში აქვთ მიღებული.