შს მინისტრის მოადგილე: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ძალაშია, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე

დღეისათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით არის საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლების დიდი რაოდენობა საქართველოდან
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საფრთხე იმისა, რომ ევროკავშირი გააუქმებს უვიზო რეჟიმს საქართველოსთან, არ არსებობს, მაგრამ ხელისუფლება არ უნდა მოდუნდეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ.

რა საფრთხე ემუქრება უვიზო რეჟიმს, ანუ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი >>

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილება უვიზოდ 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების განხორციელების უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება.

„ვერ გეტყვით, რომ უვიზო მიმოსვლას დღეს საფრთხე ემუქრება, თუმცა მინდა, რომ სწორად გავიგოთ ყველამ, რომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ეს არის მუშაობის მუდმივი პროცესი“, - განაცხადა ჯავახაძემ.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

„ძირითად ქვეყნებში პრობლემა მოხსნილია იმ თვალსაზრისით, რომ კლების ტენდენცია შეინიშნება თავშესაფრის მაძიებლების კუთხით, თუმცა, რაღაც ქვეყნები ჯერ კიდევ არის, სადაც ეს საკითხი პრობლემურია, მათ შორის საფრანგეთში. წარმოდგენა რომ შეგვექმნას რაზეა საუბარი, თვეში დაახლოებით 1000 ახალი განაცხადია თავშესაფრის მაძიებლების, 1000 ან შეიძლება, ცოტა მეტი. შესაბამისად, ეს პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს. მოდუნების საშუალება არ გვაქვს, თუმცა პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

ომი არ არის, მიგრაცია კი ანომალიურია – რა მოჰყვება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას >>

გარდა ამისა, სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა.

შევცოტავდით – გამოქვეყნდა საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიტანა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სლოვენიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ. ამ ქვეყნების რიცხვში ასევე შედის ისრაელი. სავარაუდოდ, მსგავს გადაწყვეტილებას მალე გერმანია მიიღებს. აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შანსი საქართველოს მოქალაქეებისთვის უმცირესია.

საქართველოს მოქალაქეებმა 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ თითქმის 18 ათასი განცხადება შეიტანეს (რაც საერთო რაოდენობის 3% შეადგენს) და თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის „ევროსტატის" განცხადებაში.