რა შემთხვევაში ითვლება დანაშაული აფექტში ჩადენილად

აფექტი უეცრად წარმოშობილი და ძლიერი სულიერი ემოციაა, რომელიც ადამიანს რაიმე გარემოების ზეგავლენით ეუფლება, ამცირებს მის კონტროლს საკუთარ საქციელზე და მის ქცევას წარმართავს.
Sputnik

აფექტი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდეს. მას „ფეთქებად“ ემოციასაც უწოდებენ. აფექტისას ტვინი ვერ აკონტროლებს ქმედებას და იმ დროს, როცა ერთი გასროლაც საკმარისია, ადამიანმა შეიძლება მთელი მჭიდი დააცალოს მსხვერპლს. აფექტი მთლიანად მოიცავს ადამიანის ცნობიერებას და ავიწროებს, ცნობიერების შევიწროებულ ველში კი აღარ შემოდის სხვა ინფორმაცია, ვერ მსჯელობს ნორმალურად და აღარ ესმის რჩევა-დარიგებები.

თუ ყოფილი მეუღლე შვილებთან გლანძღავთ - ქართული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება

განასხვავებენ ორი ტიპის აფექტს: პათოლოგიურსა და ფიზიოლოგიურს.

პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა, ან გაითვალისწინოს შედეგი, რომელიც ქმედებას მოჰყვება და აკონტროლოს ის. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი განიხილება, როგორც შეურაცხადი და ის, კანონის თანახმად, თავის ნამოქმედარზე პასუხს არ აგებს.

რაც შეეხება ფიზიოლოგიურ აფექტს, ამ დროს ადამიანს მხოლოდ შესუსტებული აქვს თვითკონტროლის უნარი, ამიტომ მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება, მაგრამ არ გამოირიცხება.

აფექტში ჩადენილ დანაშაულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 121-ე მუხლებით განიხილავენ.

111-ე მუხლი გულისხმობს განზრახ მკვლელობას უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ.

რა ბედი ეწევა თქვენ მიერ ნაყიდ მანქანას განქორწინების შემთხვევაში...

121-ე მუხლი კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ.

მკვლელობის შემთხვევაში დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების დროს – შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

ზემოაღნიშნული მუხლებით ჩადენილი დანაშაულის დროს ლომის წილი დაზარალებულის მაპროვოცირებელ ქმედებას მიუძღვის, ანუ იმ მოქმედებას, რომელმაც აფექტი წარმოშვა.

აფექტში ჩადენილი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი გარემოებით არის განპირობებული: 1. დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ სიტუაციაში – უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და 2. მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის ქცევით. სწორედ მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება იწვევს დამნაშავის აფექტს და აქედან გამომდინარე სურვილს, მოკლას დაზარალებული.

როცა მეზობლის ხმაური არ გვაძინებს: სად გადის თმენის ვალდებულების ზღვარი

გაითვალისწინეთ! დანაშაული აფექტში ჩადენილად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ ადგილი ჰქონდა მსხვერპლის (დაზარალებულის) მიერ დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ

- მართლსაწინააღმდეგო ძალადობას;

- მძიმე შეურაცხყოფას ან სხვა მძიმე ამორალურ ქმედებას;

- არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულ ფსიქიკურ ტრავმას.

აღსანიშნავია, რომ ახლო ნათესავის ჩამონათვალი ამომწურავია, კერძოდ, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით (109-ე მუხლის შენიშვნის საფუძველზე) ახლო ნათესავებად მიჩნეული არიან მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით შევიწროებულია იმ პირთა წრე, რომელთა წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებრივმა ქმედებამ შეიძლება ადამიანში მძაფრი განცდები და შესაბამისი შედეგები გამოიწვიოს.

რა შეიძლება იყოს აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი:

- მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, რომელიც გულისხმობს როგორც ფიზიკურ ძალადობას (მაგალითად, ცემა), ისე ფსიქიკურ ძალადობას. ფსიქიკური ძალადობაა ფიზიკურად გასწორების მუქარა, ცილისმწამებლური ცნობების გავრცელება, ქონების დაზიანების ან განადგურების მუქარა და სხვ. 

- მძიმე შეურაცხყოფა. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ზეპირსიტყვიერად, ფიზიკური ზემოქმედებით, პირის შეურაცხმყოფელი კარიკატურის სახით და სხვ. თუ რა მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, უნდა გადაწყდეს ყველა ცალკეულ შემთხვევაში საქმის კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით.

- მძიმე ამორალური ქცევა (ცოლქმრული ღალატის რეალური ფაქტი, შვილად აყვანის საიდუმლოების გახმაურება და სხვ.). გამორიცხული არ არის, რომ აფექტის წარმოშობა გამოწვეული იყოს ოჯახში სისტემატური ჩხუბისა და ძალადობის შედეგად.