„გადადეთ ემოციები გვერდზე" – პრეზიდენტი მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს შეახსენა, რომ მალე საპარლამენტო არჩევნებია და ხალხის ასარჩევია, ვინ იქნება ხელისუფლებაში.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომიტინგეებს მოუწოდა, არ დააყენონ საფრთხის ქვეშ ქვეყანა პროვოკაციებით, რომლებიც პატრიოტიზმის სახით არის შენიღბული.

პუტინი სანქციების დაწესების წინააღმდეგია, თუმცა დუმა განცხადებას არ გაიწვევს

საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში გადაიზარდა.

მომიტინგეები პარლამენტის წინ დაიშალნენ - რას ველოდოთ საღამოს>>

არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, დააკავეს 300-ზე მეტი. თბილისში გაკეთებული ანტირუსული განცხადებების პასუხად რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. საპროტესტო აქცია მესამე კვირაა გრძელდება.

„თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან. ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები და პოლიტიკური გემოვნება, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოების სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე. არ უნდა დავუშვათ, რომ გარკვეულმა ძალებმა რაღაც პროვოკაციებით მოახდინონ საქართველოს დისკრედიტაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში", – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

საპროტესტო აქციების მეცხრამეტე დღეს თბილისში ოთხი აქცია ჩატარდა, აქედან ორი – პარლამენტთან.

ერთი აქციის მონაწილეები გამოდიოდნენ ანტირუსული ლოზუნგებით და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, ხოლო მეორე აქციაზე – ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გადახედვასა და გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო: რადიკალებს საქმე დეგრადაციამდე მიჰყავთ

მესამე აქცია შსს-ს შენობასთან ჩაატარეს ლგბტ–საზოგადოების დამცველებმა, ხოლო მეოთხე – ტელეკომპანია „რუსთავი2"-თან, სადაც ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" წამყვანის გიორგი გაბუნიას გადადგომას მოითხოვდნენ. ამ უკანასკნელმა თავისი გადაცემა კვირა საღამოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფით, გინებით დაიწყო.

„მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ... პატრიოტიზმი არ გადის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა და განცხადებებით, პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ", – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, პატრიოტიზმი საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვას ნიშნავს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი წინადადება პოლიტიკოსებისთვის „საპრეზიდენტო დიალოგის" შეთავაზების შესახებ ძალაშია.

ზურაბიშვილი: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს ამ ესკალაციას

ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

მომიტინგეების მოთხოვნებიდან სამი დაკმაყოფილდა: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, გათავისუფლებულია აქციაზე დაკავებული თითქმის ყველა ადამიანი. დარჩა მხოლოდ ერთი მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. გახარიას განცხადებით, პოლიცია იმ ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და მან ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთა. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.