კალაძე: უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, ეს მედიაზე ზეწოლად შეფუთოს

ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და, შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტისა თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება, განაცხადა კალაძემ.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა" რომ ტელეკომპანია Rustavi2-ს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს, არავისთვისაა ახალი, განაცხადა თბილისის მერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

შსს: პოლიცია უზრუნველყოფს როგორც აქციის, ისე ტელევიზიის თანამშრომლების უსაფრთხოებას

7 ივლისს ტელეკომპანია Rustavi2-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის გამოსვლით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე პასუხად მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დღეს, 8 ივლისს შევიდა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

ღამით ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მოითხოვდნენ ნიკა გვარამიასგან და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას და ამასთანავე ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ ზომების გატარებას, რათა აღიკვეთოს დაძაბულობის ესკალაცია.

„რუსთავი2"-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა „თვითგამოხატვას", თუმცა აღიარებს „წითელი ხაზის" დარღვევას.

„არც იმის სჯერა ვინმეს, რომ „რუსთავი2"-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხდომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება", – აღნიშნა კალაძემ თავის პოსტში Facebook-გვერდზე.

კალაძემ ამას „სრული უტიფრობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ამით კიდევ ერთხელ ხდება ცხადი ამ პროვოკაციის რეალური მიზნები.

პარლამენტის თავმჯდომარე გაბუნიას გამოსვლას საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციად აფასებს

„ამ ფონზე ძალიან უსუსურად გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის" უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს", – აღნიშნა კალაძემ.

მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება იცავს საქართველოს კონსტიტუციას და, შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება.

მან მიმართა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, რომ არავინ აპირებს ამ პროვოკაციაზე წამოგებას და ტელევიზიაში შეჭრას.

„ტყუილად ირჯებით ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას", – დაწერა კახა კალაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „რუსთავი2“-ის ეთერის გამო მედიისადმი ნდობა შეიძლება დაიკარგოს>>

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ტელევიზიამ წუხელ მაუწყებლობა შეწყვიტა. მათი განცხადებით, ადგილი ჰქონდა სისტემურ ძალადობას ჟურნალისტებზე, და რომ ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია და არა სპონტანურად შეკრებილი ხალხის რეაქცია.

Rustavi2-მა მაუწყებლობა დღეს, დილით განაახლა.