კარასინი: რუსეთი მზად იყო, საქართველოსთვის ვიზები გაეუქმებინა

რუსეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება „უკეთესი დროისთვის" გადადო.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსეთი მზად იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გაეუქმებინა, მაგრამ თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერჯერობით მოიხსნა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „კომერსანტთან" ინტერვიუში.

დღეს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

საქართველოში უკვე მეორე კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეს აქციები რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში 20 ივნისს გამოჩენის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ სკანდალი მას შემდეგ ააგორა, რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა, და ჩაშალა მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე მართლმადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია.

„ნამდვილად, ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, და ამისთვის პრინციპულად მზად ვიყავით. მაგრამ არ გამოვიდა, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს", – განაცხადა კარასინმა.

კარასინმა ინტერვიუ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებამდე ცოტა ხნით ადრე მისცა. ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ქვეყნებს შორის დიალოგის ორიდან ერთ-ერთი ფორმატია.

ზურაბ აბაშიძე: მიღწეული პოზიტივი უნდა შენარჩუნდეს>>

საპროტესტო აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების გამო მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, რაც 8 ივლისიდან ამოქმედდება. ბოლო დრომდე რუსი ტურისტები, რაოდენობის მხრივ, საქართველოში ლიდერობდნენ.

ზურაბ აბაშიძე: „იმედი მაქვს საგანგებო გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არ იქნება">>

გასული კვირის ბოლოს არსებული ვითარება განიხილეს კარასინმა და საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ. როგორც მოგვიანებით აბაშიძემ განაცხადა, მხარეები დაინტერესებული არიან, რომ შენარჩუნდეს ჩამოყალიბებული ურთიერთობები ვაჭრობის, ტურიზმის, ავიამიმოსვლისა და სხვა სფეროებში.