ლომბარდებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – სესხზე ხელმისაწვდომობა იზღუდება

იმ ფონზე, როდესაც ლარის კურსი ლამის ყოველდღიურად უფასურდება, მოსახლეობისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება ფულის სესხების პრობლემა. ამ დროს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ხალხს სესხის აღება გაურთულოს - მთავრობა ასე „ჭარბვალიანობას“ ებრძვის.
Sputnik

თემურ იოსელიანი

მორიგი რეგულაცია, რაც, ექსპერტების თქმით, სესხების გაძვირებას შეუწყობს ხელს, ლომბარდებს ეხება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ლომბარდებს გირაოს სახით ჩადებული ქონების განკარგვა შეეზღუდათ, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კი მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავებაც უნდა აკრძალულიყო, თუმცა ეს ნორმა გადაავადეს და ის 1 ნოემბრიდან შევა ძალაში.

მიზანი ერთი, შედეგი - მეორე

ერთია გაცხადებული მიზანი და მეორე - მიღებული შედეგი. მას შემდეგ, რაც ონლაინ-სესხები შეიზღუდა და საბანკო სესხების აღება გართულდა, ვადაგადაცილებული სესხები მაინც იზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მაისში ვადაგადაცილებული სესხები 5.6 მლნ ლარით გაიზარდა და 499.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8%-ია. ვადაგადაცილებული სესხების 42.2% ლარშია გაცემული.

რაც შეეხება ლომბარდებს, ისინი უკვე ლიცენზირების ქვეშ მოექცნენ და ვალდებული გახდნენ სესხის გამცემ სუბიექტებად დარეგისტრირებულიყვნენ. ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გირაოს სახით ჩადებული ქონების განკარგვა ეზღუდებათ.

„ოქროს სია“ და გაუქმებული შეღავათი ბიზნესისთვის

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №89/04-ში ვკითხულობთ, „სესხის გამცემ სუბიექტს ეკრძალება გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება“.

ასევე, „სესხის გამცემ სუბიექტს… ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც“.

მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რადგან დაგირავებული ქონების გადაგირავება ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს.

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის მორიგი რეგულაციის დაწესებას მიესალმება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, დღეს სალომბარდო ბაზარზე ქაოსური მდგომარეობაა გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი მცირე ზომის ლომბარდია, რომლებიც სრულიად გაუმჭვირვალედ ოპერირებენ და მომხმარებლებს პრობლემებს უქმნიან.

როგორ იზრდება სახელმწიფო ვალი

„ჩვენთან, მაგალითად, პოლიციამ ამოიღო პატარა ლომბარდის მეპატრონის მიერ (დააგირავა როგორც კერძო პირმა) დაგირავებული 20 000 ლარის ნივთები, იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გაირკვა, რომ ამ ადამიანმა თავის ლომბარდში მოსახლეობისგან ჩაიბარა ნივთები, ჩვენთან გადააგირავა და, საბოლოოდ, თანხა არ გადაიხადა. აღნიშნულ ქეისში ისევ მოსახლეობაა დაზარალებული“, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ლომბარდების 70%-ს „შავი ბუღალტერია“ აქვს, რაც ეკონომიკისთვის უზარმაზარი შავი ხვრელია.

ლომბარდებზე გარკვეული ტიპის რეგულაციები წლის დასაწყისიდან უკვე გავრცელდა. მათ შორისაა ლიცენზიების აღება და ამაში 10 000 ლარის გადახდა, ფართთან დაკავშირებული საკითხები. მაშინდელი რეგულაციის მიხედვით, სესხის გამცემი სუბიექტის ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა იყოს არანაკლებ 15-20 მ2. სავალდებულო გახდა ფართის გადატიხვრა, რემონტი, ვიდეოკამერები, ცეცხლგამძლე სეიფები და ა.შ., რაც საბოლოოდ ლომბარდის მფლობელებს ათი ათასობით ლარი დაუჯდათ.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობაში 875 მოქმედი ორგანიზაცია იყო. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ 2017 წლის ბოლოსთვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ლარში, ხოლო დანარჩენი 20,2% - უცხოურ ვალუტაში.

რატომ არის საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ზარალიანი

რაც შეეხება საბანკო სესხების შეზღუდვას, რაც სრულად 1 იანვრიდან ამოქმედდა, ის რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის, შემოსავლის მიხედვით დადგენილ ლიმიტებს. ვისაც შემოსავალი ბანკში არ ერიცხება, იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციებით, სესხის აღების შენსი პრაქტიკულად აღარ დაუტოვეს. მაგრამ ბაზარმა მაინც ნახა ერთგვარი გამოსავალი და იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოსავალი აქვს, მაგრამ ბანკში არ ერიცხება, სესხის გაცემა შესაძლებელი გახდა. მაგალითად, ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი, ხელოსანი და ა.შ. ბანკის წარმომადგენლისვე მიტანილ ფურცელს შეავსებს, რაც უკვე შემოსავლის დადასტურების ტოლფასია. ბანკიც, თუ დარწმუნდა, რომ შემოსავალი რეალურად აქვს სესხის მსურველს, უკვე ფულსაც ასესხებს. ასე რომ, თავისთავად, „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლა ამ კატეგორიის ხალხის მიმართ თან გაუაზრებელი იყო, თან არათანმიმდევრული.

ვის შეუძლია დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასვლა

ხელისუფლების და სებ-ის პოზიცია

ხელისუფლება რომ ლომბარდების საქმიანობაში გარკვეულ შეზღუდვებს აპირებდა, შარშან გახდა ცნობილი. მაისში მაშინ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ავტომობილების თუ უძრავი ქონების დალომბარდება უნდა აკრძალულიყო, რაც ხელს შეუწყობდა ჭარბვალიანობასთან ბრძოლას.

„პირადად ჩემი განწყობაა, რომ ეს უნდა მოხდეს მიმდინარე თვეს, მაისშივე. ლომბარდები საქართველოში გარკვეულწილად გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის თამაშის წესები, რომელზეც ვისაუბრეთ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზე. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შარშან, აგვისტოში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილების დალომბარდება მართლაც აიკრძალა. მაგრამ თუ ხელისუფლება ჭარბვალიანობას ებრძვის და, მაგალითად, ავტომობილების დალომბარდებით სესხის გაცემა ჭარბვალიანობის ხელშემწყობად მიაჩნია, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის გაცემა საერთოდ აკრძალულიყო. არადა, დღეს არაერთი ბანკიდან თუ სხვა ორგანიზაციიდან კვლავ შეიძლება ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის აღება.

როგორ გავიაროთ სავალდებულო ტექდათვალიერება: ერთი ავტომობილის მაგალითი

ჩვენ მივმართეთ ეროვნულ ბანკს შეკითხვით, რეალურად ვის აეკრძალა ავტომობილების უზრუნველყოფით სესხის გაცემა, რაზეც წერილობით ასე გვიპასუხეს:

„2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელდა ცვლილება (მუხლი 254), რომლის თანახმადაც ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, აგრეთვე სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე“.

ასე რომ, საკითხავია - ჭარბვალიანობას ებრძვიან მთავრობა და ეროვნული ბანკი თუ სესხების გამცემ ორგანიზაციებს?

ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად

კომენტარები

გაზეთი „რეზონანსი“ წერს, რომ ლომბარდების წარმომადგენლები ღია კომენტარს ერიდებიან, პირად საუბრებში კი სებ-ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ამ პირობებში ბაზარზე მხოლოდ მსხვილი ბიზნესი დარჩება, ისიც შეზღუდული აქტივებით.

სალომბარდო ბიზნესის რეგულირების აუცილებლობას ადასტურებს ფინანსისტი დავით წიქარიძე, თუმცა იმასაც ეთანხმება, რომ ახალი ნორმებით ფულზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო რთულდება.

„ერთი მხრივ რეგულაციები კარგია, ამდენი ლომბარდი ნამდვილად არ უნდა იყოს, მაგრამ გაჭირვებული ხალხისათვის, რომელსაც მხოლოდ წვდომა შეეზღუდა ფულზე, ძალიან ძნელი გადასატანი იქნება. ისინი მევახშეებთან წავლენ, სადაც კიდევ უფრო მძიმე პირობები დახვდებათ“, - აცხადებს წიქარიძე „რეზონანსთან“.

სალომბარდო ბიზნესს სხვა სიახლეც ელის წინ. შესაძლოა შემოსავლების დადასტურების გარეშე სალომბარდე სესხიც აღარ გაიცეს. ეს საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მისი განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

ვის ჩაუდგება მთავრობა კრედიტის თავდებად

სხვადასხვა რეგულაციების შემოღება რომ ეკონომიკისთვის სახარბიელო შედეგებს არ იძლევა, ხშირად ისმის. შეზღუდვების უარყოფით გავლენაზე  უკვე თბილისის მერიც ალაპარაკდა. კახა კალაძის თქმით, საბანკო რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებს, განსაკუთრებით კი სამშენებლო სექტორს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში საბანკო რეგულაციები შეიცვლება, იმიტომ რომ ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა, აშკარაა, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ პრობლემა არის ამ მიმართულებით“, - ამბობს თბილისის მერი.

ამ პირობებში ძალიან ძნელია მთავრობის ეკონომიკურ კურსზე მსჯელობა. გვახსოვს არაერთი რეგულაცია, რომელიც ჯერ ამოქმედდა, შემდეგ შეიცვალა. რაც შეეხება სესხის გამცემი სუბიექტებისთვის მომზადებული შეზღუდვების ამოქმედებას, ალბათ ისიც არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დროის შემდეგ იმავე ეროვნულმა ბანკმა თავისივე მოწონებული და დამტკიცებული რეგულაცია კვლავ შეცვალოს. მანამდე კი ეკონომიკა, ცხადია, დამატებით სირთულეებს აწყდება. სესხის აღების მსურველები კი, მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, უკვე დაზარალდნენ.