ქართულმა დიასპორამ მოსკოვში პუტინს წერილით მიმართა

ღია წერილში ნათქვამია, რომ ავიამიმოსვლის აკრძალვა რიგით მოქალაქეებზე აისახება
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი - Spuntik. რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართეს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციით და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით გარკვეული ძალებია დაინტერესებული.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი:შეუძლებელია ავუკრძალოთ ადამიანებს საქართველოში გამგზავრება

„დიასპორა შეშფოთებით ადევნებდა თვალს ურთიერთბრალდებებს, რადგან ბოლო 25 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე მძიმე შედეგები აისახება უბრალო ხალხზე, და არა პოლიტიკოსებზე. ამჯერადაც ასე მოხდა: რუსეთმა თბილისში მომხდარ პროვოკაციებს საქართველოს მიმართულებით ავიაგადაზიდვების აკრძალვით უპასუხა“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი გიორგი წურწუმია.

წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ „გადაზიდვების აკრძალვა - ეს მძიმე სანქციებია, რომელიც, პირველ რიგში, ხალხს დააწვება“, და გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

პროტესტის ერთი კვირა თბილისში და დარტყმა ტურიზმზე - პოლიტოლოგების პროგნოზი >>

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვების განხორციელება აეკრძალა. მეორე დღეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელება ქართულ ავიაგადამზიდავებსაც აუკრძალა. პარალელურად რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტა.

ასოციაცია „ქართული ღვინო“: ქვეყნის ეკონომიკას გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს ნუ შევწირავთ

ქართულ-რუსული ურთიერთობები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მკვეთრად გაუარესდა. აქციები გასულ კვირაში დაიწყო რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა, 240 დაშავებული საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ მიტინგის დაშლის დროს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ორმა ადამიანმა ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.