წითელი თვალსახვევების ღამე თბილისში - ფოტოები საპროტესტო აქციიდან

Sputnik

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები მშვიდი ფორმით იმართება, მომიტინგეები ყოველდღე პროტესტის ახალ სიმბოლოებს იგონებენ. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოები აქციებიდან.

ამჯერად პროტესტის სიმბოლოდ წითელი თვალსახვევები იქცა, რომლებითაც მომიტინგეებმა ცალი თვალი აიხვიეს. მათ ასე გამოხატეს იმ ადამიანებისადმი მხარდაჭერა, რომლებსაც პირველი აქციის დაშლის ღამეს თვალები დაუზიანდათ. 

მომიტინგეებმა ჰიმნი იმღერეს და ისმოდა შეძახილები "საქართველოს გაუმარჯოს!" - ვიდეო

ხუთშაბათს, 27 ივნისს მომიტინგეები აპირებენ მსვლელობა გამართონ პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე. შაბათს 29 ივნისს აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობასაც გეგმავენ. 

მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ შეასრულა მომიტინგეების მოთხოვნები - პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დატოვა თანამდებობა და ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს. ასევე სრულად დაკმაყოფილდა კიდევ ერთი მოთხოვნა - გაათავისუფლეს 21 ივნისის ღამეს დაკავებული ბოლო 51 ადამიანი, რომლებიც პატიმრობაში რჩებოდნენ. 

SMS მინისტრს, შეტაკებები და გულყრები - მცხუნვარე პროტესტი თბილისში

საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოჰყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი იყო, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. ამ დროისათვის საავადმყოფოებში რჩება 10 ადამიანი, ორი მათგანი რეანიმაციაშია.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიტინგის დაშლაში ადანაშაულებენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას - მისი გადაყენება აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ბოლო დღეებში, რომ მინისტრის გადაყენების საკითხი არ განიხილება. პარასკევს, 28 ივნისს გიორგი გახარია მიტინგის დაშლის შემდეგ პირველად წარდგება კამერების წინაშე - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის ისაუბრებს, თუ რა მოხდა 21 ივნისის ღამეს.

1 / 15
ოთხშაბათს ღამით ასობით მომიტინგემ თვალი წითელი სახვევით აიხვია
2 / 15
მათ ასე დაუჭირეს მხარი ადამიანებს, რომლებსაც მიტინგის დაშლის ღამეს რეზინის ტყვიებით თვალები დაუზიანდათ
3 / 15
გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი
4 / 15
თითქმის ყველა მათგანს სახეზე ეკეთა წითელი სახვევი - ეს ახლა აქციის ერთ-ერთი სიმბოლოა
5 / 15
პარლამენტთან გამართულ აქციაში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები მონაწილეობენ
6 / 15
აქ მოდიან მომიტინგეთა ნაცნობები, მეგობრები, თბილისისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მკვიდრები
7 / 15
აქცია საღამოობით იწყება, როდესაც ნაკლები სიცხეა და სამუშაო დღეც დასრულებულია
8 / 15
აქციაზე უამრავი ახალგაზრდაა
9 / 15
მომიტინგეები აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ გამოსვლებს, სანამ არ გადადგება შს მინისტრი გიორგი გახარია
10 / 15
მომიტინგეები აქციებზე ოჯახის წევრებთან ერთადაც დადიან
11 / 15
ხუთშაბათს მომიტინგეები პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას გეგმავენ
12 / 15
ერთ კვირიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში ხელისუფლებამ მომიტინგეების ყველა მოთხოვნა შეასრულა, გარდა შს მინისტრის გადაყენებისა
13 / 15
პარლამენტთან შეკრებილები უნდობლობას უცხადებენ მმართველ პარტიას
14 / 15
საკუთარ პოზიციას ისინი 2020 წლის არჩევნებში დააფიქსირებენ, რომელიც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა ამისათვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო
15 / 15
შაბათს საპროტესტო აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობის გამართვას აპირებენ