„როსპოტრებნადზორი" ისევ საქმეშია: ქართული ღვინის კონტროლი მკაცრდება

რუსული უწყების მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უხარისხო პროდუქციის მოწოდების შემთხვევები 2,9–ჯერ გაიზარდა
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოდან ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის გაუარესების გამო, „როსპოტრებნადზორმა“ მის ხარისხზე კონტროლი გააძლიერა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქართულ–რუსული ურთიერთობების გამწვავების შემდეგ, 2006 წლის გაზაფხულზე, „როსპოტრებნადზორმა“ (რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახური) რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის, „ბორჯომის“ შეტანა აკრძალა, მიზეზად კი პროდუქციის დაბალი ხარისხი დაასახელა. პროდუქციის მიწოდება 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ აღდგა.

რომელი ქართული ღვინოებია პოპულარული საზღვარგარეთ>>

„მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის დაცვის ფედერალური სამსახური სისტემატურად უწევს კონტროლს რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილ ალკოჰოლურ პროდუქციას საქართველოდან, რომელიც დინამიკაში აღნიშნული პროდუქციის ხარისხის გაუარესებას აჩვენებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, მოთხოვნების შეუსაბამობა საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაში 2,9–ჯერ გაიზარდა და 2018 წელს 203 ათასი ლიტრი შეადგინა („ბაგრატიონი–1882“, „ბოლერო ენდ კომპანი“, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“). განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ პროდუქციის ყველა პარტიის შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა.

აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე

განცხადების თანახმად, 2017 წელს „როსპოტრებნადზორის“ ლაბორატორიებში კონტროლის მაღალტექნოლოგიური მეთოდები დაინერგა, რომლებიც პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებისა და გამოყენებული ნედლეულის გამოვლენის საშუალებებს იძლევა.

„როსპოტრებნადზორმა გააძლიერა საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წლის დასაწყისიდან საქართველომ რუსეთში ექსპორტზე 21,4 მილიონი ბოთლი (0.75 ლიტრი) ღვინო გაიტანა, რაც ღვინის ექსპორტის 63%–ს შეადგენს.

„როსპოტრებნადზორი" ისევ საქმეშია: ქართული ღვინის კონტროლი მკაცრდება