მდინარაძე: ხელისუფლება მოუსმენს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ორშაბათიდან პარლამენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. დესტრუქციული ძალები გულწრფელი პროტესტის გამოყენებას ცდილობენ, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ისაუბრა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნების შესახებ, კერძოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე: ეს ან გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან ვიღაც აგიჟებს და აშაყირებს

„აქციაზე დგანან და იდგნენ შეიძლება, 99 პროცენტიც გულწრფელი ადამიანებისა. ხალხი იმ სურათს აპროტესტებდა, რომელიც ჩვენვე გავაპროტესტეთ. პირველები ჩვენ ვიყავით, რომლებიც აღგვაშფოთა ფაქტმა, რომელიც პარლამენტში ვიხილეთ, იმ სიმბოლურმა ცუდმა ფაქტმა. ამაზე რეაგირებაც მოვაყოლეთ. იმავე დღეს საქართველოში აღარ იყვნენ რუსი დეპუტატები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, გულწრფელი პროტესტის დროს დესტრუქციული ძალები ამ პროტესტის სათავისოდ გამოყენებას და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას ცდილობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის საფუძველი სხვა იყო და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოარგეს თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნები, მმართველი გუნდი ფიქრობს ყველაფერზე...ამ რეალობის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება მოუსმენს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ორშაბათიდან პარლამენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება.

„მე ვერ უარვყოფ და ვერც დავადასტურებ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს. ხვალ პარლამენტში იწყება ახალი სამუშაო კვირა. ჩვენ ნებისმიერ თემას გავდივართ, ვმსჯელობთ. წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს >>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება.