თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებულები, მათ შორის, პოლიციელები მოინახულა, იუწყება პირველი არხი.
პრეზიდენტმა დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებსა და ჯანდაცვის სფეროს ყველა წარმომადგენელს.
საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.
სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში იმყოფებოდა, სადაც მინსკში ევროპული თამაშების გახსნას უნდა დასწრებოდა, მაგრამ თბილისში მომხდარი არეულობების გამო მან ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.