მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიციას მიმართა

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

ირაკლი კობახიძე გადადგომის მოთხოვნაზე კომენტარს აკეთებს

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა ააგორა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

პარლამენტთან მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ ხალხის მასის შეკავებას. ვითარება ძალიან დაძაბულია. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები. შსს შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს.

გახარია: „რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი"

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებს „პროტოკოლის შეცდომა“ უწოდეს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მათი აქტივისტები და მომხრეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი თბილისელები. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფება.