თბილისში „სთორითელინგის“ საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

ფესტივალის სტუმრებს „სთორითელინგის“ როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს დარგის პროფესიონალები გააცნობენ
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. თბილისის პირველი საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით ZEG, 20-22 ივნისს მულტიფუნქციურ არტ-ცენტრ „ფაბრიკაში“ გაიმართება.

როგორ ჩატარდა SputnikPro-ს მასტერ–კლასი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის თბილისში >>

„სთორითელინგი“ - არის ინფორმაციის იმგვარად გადმოცემის ხერხი, რომ მკითხველის ან მაყურებლის ყურადღება პირველივე წუთიდან მიიპყრო და შეინარჩუნო მთელი ისტორიის მანძილზე. ამასთან, ინფორმაციის გაზიარება ხდება ცოდნის, მოთხრობების, ისტორიების მეშვეობით, რომლებიც ადამიანს ემოციებს აღუძრავს. სახელწოდება მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან „storytelling“, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ამბების მოყოლას“.

ფესტივალი ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც დამსწრე აუდიტორიას ამბის თხრობის საკუთარ უნიკალურ მეთოდებს გააცნობენ.

Sputnik Taoba–მ პროექტის პირველი მოდული სკოლის მოსწავლეებისთვის დაასრულა

„კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ „სთორითელინგის” როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის, Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი კეიტ ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა „მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.

ფესტივალის ორგანიზატორები არინ Impact Hub Tbilisi და Coda Story. მთავარი პარტნიორი -  „თიბისი სტატუსი“, მხარდამჭერები - Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და „ფაბრიკა“.