როგორ უნდა შემცირდეს რისკები სამშენებლო ობიექტებზე

შრომის უსაფრთხოება ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. შრომის ნორმებისა და უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მათზე დაუყოვნებლივი რეაგირების მიზნით საქართველოში სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, ჯგუფები სამშენებლო კომპანიებში ინტეგრირებულ მონიტორინგს ჩაატარებენ. ბახტაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ სფეროში ბოლო წლებში მიღებული უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების გამო სრული ვაკუუმი შეიქმნა, შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი მტკივნეული გამოწვევაა.

ათობით დაღუპული მუშა: მშენებარე ობიექტებს რეიდების ტალღა გადაუვლის>>

„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მოხვედრის ალბათობის შემცირებას და მინიმუმამდე დაიყვანს უბედური შემთხვევის რისკს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდება ცნობიერების ამაღლება და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება", – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯგუფები პირველ ეტაპზე თბილისში იმუშავებენ, ხოლო შემდეგ დანარჩენ რეგიონებშიც.

საქართველოში 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, მძიმედ დაშავდა 37 – ასეთია გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემები.

თბილისის მერი მშენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა სამუშაო ადგილზე ყოველი ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს. კანონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებსაც აწესებს.

ამ სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის თებერვალში ამ კანონს უფრო მაღალი სტატუსი – ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

სამშენებლო კომპანიები თბილისში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ>>

გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები, რომლის თანახმად, 1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაიზრდება. ინსპექტორებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ექნებათ უფლება, შეამოწმონ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა კომპანია. აქამდე შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდული იყო – კანონი მოქმედებდა მხოლოდ იმ საწარმოებზე, სადაც მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოები სრულდებოდა.