„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

ბავშვობაში ბევრ ჩვენგანს ალბათ ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ კითხვაში არა ერთი ღამე დაგვთენებია.
Sputnik

მწერალს იმ ეპოქაში ისე ხილულად გადავყავდით, რომ ჩვენც მის გმირებთან ერთად გვიხაროდა, ვიბრძოდით და გვტკიოდა საქართველოს ბედი. ცნობილია, რომ მწერალი ძალიან რთული, ტრაგიკული ბედის ადამიანი იყო. ვარამით სავსე წუთისოფელმა და სიძულვილით სავსე იდეოლოგიამ არაერთხელ სცადა მისი გატეხვა, მაგრამ ვერ მოერია, ბოლომდე სუფთა და ძლიერი დარჩა...

ალბათ გასაკვირია ის ფაქტი, რომ ასეთი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ისეთი მხარე, როგორიცაა პუბლიცისტიკა და ეპისტოლარული მემკვიდრეობა, აქამდე შეუსწავლელი იყო. ეს საქმე პოეტმა და ჟურნალისტმა თამარ შაიშმელაშვილმა აიღო თავის თავზე. ამ თემაზე იგი ორი წელი მუშაობდა და სულ ახლახან, დისერტაციის დაცვის დროს საზოგადოებას უცნობი და საინტერესო ფაქტები წარუდგინა...

„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

– თამარ, თქვენი აზრით, რა კატეგორიის მკითხველს დააინტერესებს თქვენი ნაშრომი „ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა“?

– ლევან გოთუა ჩემი უსაყვარლესი მწერალი იყო ბავშვობიდან და როდესაც აწ განსვენებულმა ჟურნალისტმა და სპელეოლოგმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა მითხრა, რომ ლევან გოთუას პუბლიცისტიკა შეუსწავლელი იყო, გადავწყვიტე სადისერტაციო ნაშრომის თემად სწორედ ამ დიდი მწერლის პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა ამერჩია. ნაშრომი დააინტერესებს ყველას, როგორც ლევან გოთუას მოყვარულებს, ასევე  ლიტერატურათმცოდნეებს, ლევან გოთუას შემოქმედების მკვლევარ-ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მწერლის შემოქმედების დამფასებელ საზოგადოებას. ვფიქრობ, ამ ნაშრომით დაინტერესდებიან სკოლებშიც და მასში ენათმეცნიერებიც და ფოლკლორისტებიც ნახავენ მათთვის საინტერესო თემებს.

„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

– კონკრეტულად რომელ საინტერესო ფაქტს მიაკვლიეთ მის შემოქმედებასა და ცხოვრებაში?

– სამჯერ დაპატიმრებული და გადასახლებული მწერლის პუბლიცისტიკაზე მუშაობა, რომელმაც ცხოვრების 22 წელი პატიმრობასა და საკონცენტრაციო ბანაკების ჯოჯოხეთში გაატარა, უკვე თავისთავად საინტერესო იყო. მისი პუბლიცისტური წერილები გადასახლებიდან გადასახლებამდე შუალედებში იწერებოდა. პირველი პუბლიკაცია მან 1927 წელს ვლადიკავკაზიდან, თავისუფალი გადასახლებიდან გამოუგზავნა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციას და „ლ.გ.“-ს ფსევდონიმით გამოაქვეყნა. ბუნებრივია, „ჩეკაში“ აღრიცხვაზე აყვანილი ადამიანი თავის სახელსა და გვარს სრულად ვერ მოაწერდა. სწორედ ამ პუბლიკაციით გაეცნო იმდროინდელი ქართული საზოგადოება ვლადიკავკაზის ქართული ახალშენის პრობლემებს, კიდევ იმას, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, თურმე, ექვსი ათასი ქართველი ცხოვრობს, არის პირველი საფეხურის სკოლა, შვიდწლედის გასახსნელად კი საჭირო თანხა არ მოეპოვებოდათ. ამ პუბლიკაციაში ლევან გოთუა იმედს გამოთქვამს, რომ ვლადიკავკაზის ქართულ სათვისტომოს საქართველოს განათლების კომისარიატი დაეხმარება.

„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

– მწერლის ვისთან მიმოწერას გამოარჩევდით განსაკუთრებულად?

– საინტერესოა მიმოწერა 22 წლის ლევან გოთუასა და 27 წლის სიმონ ჯანაშიას შორის. ლევან გოთუა სიმონ ჯანაშიასადმი მიწერილ ბარათში ვლადიკავკაზში ქართული მასწავლებლების გაგზავნას ითხოვს. თანაც იქვე დასძენს, რომ ისინი მხოლოდ პედაგოგები არ უნდა იყვნენ: „ჩვენი პირობები განსაკუთრებულია და ყველა, თუნდაც კარგი მასწავლებელი ვერ შესძლებს აქ მუშაობას. ჩვენ პირობებში პირველად უნდა იყო საზოგადო მოღვაწე, მხოლოდ შემდეგ მასწავლებელი“. ამ ერთი ნაწყვეტითაც საკმარისია ლევან გოთუას სულისკვეთების ამოცნობა – ვლადიკავკაზში კარგი მასწავლებლების სიმრავლე, სკოლის და საერთოდ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა მას ეროვნულ საქმედ მიაჩნია. მართლაც, 1927-29 წლებში მას ქართული ენა და ლიტერატურა და საქართველო იქაური ბავშვებისთვის ისე შეუყვარებია, რომ უკვე 1990-იან წლებში ბევრი ქართული ოჯახი გადმოსულა კიდეც თბილისში საცხოვრებლად...

„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

– ლევან გოთუა მწერლობის გარდა მთამსვლელობითაც არის ცნობილი და გასაკვირი არ არის, რომ მისი პირველი ნარკვევიც მთამსვლელობას უკავშირდება...

– დიახ, ლევან გოთუას პირველი ნარკვევი 1937 წელს დაიწერა და მთამსვლელობას უკავშირდება. მის პირველ პუბლიცისტურ ნაწარმოებში „ხდედალეულნი“ აღწერილია ალიოშა ჯაფარიძის ჯგუფის მიერ მწვერვალ შავანას დაპყრობა. ამის შემდეგ ლევან გოთუამ წალკიდან გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორს წერილი გაუგზავნა და „ხდედალეულნის“ დაბეჭდვა სთხოვა. წერილში რედაქტორს საქმის ვითარებას აცნობს: „ცალკე რვეულად დავამუშავე ყაზბეგის რაიონის უძნელეს მწვერვალზე – შავანაზე ასვლა. ვფიქრობ, ეს ასვლა არაა საზოგადოებრივ ინტერესს მოკლებული. ჩვენი პრესა გახდა მხოლოდ ამ ჟანრისა, საინფორმაციო ცნობარისა და ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ვერ ეხმაურება. გიგზავნით რვეულს 28 გვერდზე, თუ თავის თემით და მოცულობით თქვენთვის შესაფერი იქნება, გთხოვთ დაბეჭდოთ „კომუნისტის“ უახლოეს ნომრებში. ახლა მთასვლის სეზონის მიწურულია და მიღწევების ერთგვარ დაჯამებას ალბად სხვა გაზეთების კვალად „კომუნისტიც“ გამოეხმაურება“. დოკუმენტი ეროვნულ არქივშია დაცული. იქვე ფანქრით არის მისი მინაწერი გაკეთებული: „რა თქმა უნდა, არავის არ მოუცია პასუხი. ხელნაწერიც უკვალოდ გაქრა“.

– თქვენი აზრით, რატომ შეარჩია პირველი ნარკვევისთვის მთასთან დაკავშირებული თემა?

– დამონებულ ქვეყანაში მთიდან დანახული სამშობლო უფრო ლამაზი და იმედიანი ჩანდა. როცა 1936 წელს მეორე გადასახლებიდან დაბრუნდა, მან დაინახა, როგორ იწირებოდა ქართული ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი, საშველი კი არ ჩანდა. დაშინებულ და სულჩამქრალ სივრცეში რაიმე პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აზრი არ ჰქონდა... მწერალი ხეტიალსა და მოგზაურობაში იქარვებდა სულის ხვაშიადს. პირველი სამოგზაურო ნარკვევი „ხდედალეულნი“ ცნობილ ალპინისტს ალიოშა ჯაფარიძეს მიუძღვნა. ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად განვლილი დაუვიწყარი გზები და დღეები, როგორც თავად ამბობდა, ნარკვევებში კალმითა და წერაყინით აღბეჭდა.

„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

– მწერალს არაერთგზის დაუპირა საბჭოთა აგენტურამ გადაბირება, ამის თაობაზე თუ არის რაიმე ამბავი მის რომელიმე წერილში?

– რა თქმა უნდა, ასეთი მაგალითიც არის ლევან გოთუას ბიოგრაფიაში.

ვორკუტიდან გამოგზავნილ 1952 წლის 30 აგვისტოთი დათარიღებულ ბარათში ლევან გოთუა ერთ ამბავს გვიამბობს: როცა ის ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოიყვანეს, მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მოსკოვის მატარებელში ჩასვეს. მხოლოდ მოგვიანებით გაიგებს, რომ მოსკოვის შინსახკომმა გამოიძახა... ბუტირკის ციხეში მას ლამაზად გამოაწყობენ, ჯერ სასადილოში ქართულ ღვინოს შესთავაზებენ, შემდეგ მას შუახნის ჩასუქებული ქართველი ჩეკისტი გამოელაპარაკება. იგი ეტყვის, რომ ბევრი მსჯელობის შემდეგ მისთვის საქართველოში დაბრუნების გზა გამოუნახავთ, მხოლოდ ერთი პირობით – დახმარების სანაცვლოდ.

მას უნდა შეესრულებინა დავალება – საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტებს შეხვედროდა და ისინი საბჭოთა კავშირში ჩამოეყვანა. „მე სიბრაზისა და აღელვებისგან ფეხზე წამოვხტი და ისე დავიღრიალე, რომ ჩემი ხმისაგან მე თვითონ შევკრთი – მე ჩეკასთან საერთო არასდროს მქონია და არც ახლა მინდა მქონდეს. ჩემი ერის გამყიდველი არასდროს ვყოფილვარ, არც ვიქნები. ახლავე დამაბრუნეთ უკან, ვორკუტაში!.. როგორ გამოვედი იმ ოთახიდან არ მახსოვს, – წერს მწერალი. – მერე სარდაფში ჩამაგდეს, გამაშიშვლეს და რამდენიმე დღე მშიერ-მწყურვალი დამტოვეს. შემდეგ ძველი ტანსაცმელი მომიგდეს და სასწრაფოდ უკან დამაბრუნეს“...

„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

– მასალების შესწავლისას, ალბათ, რაიმე განსაკუთრებული ამბავიც შეგხვდათ?

– როგორც გაირკვა, ლევან გოთუამ პირველად და უკანასკნელად თურმე აქ იცეკვა: „მე დავლურს ვუვლი, ჩემ სიცოცხლეში ერთადერთი შემთხვევაა, როცა ვიცეკვე... თუ მალე არ გათენდა... ვიყინებით“. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ ბეზინგისა და მიჟირგის კედელზე ლევან გოთუას და ალიოშა ჯაფარიძეს მართლა მოეყინებათ ფეხები. „ვიძრობ ფეხზე. თასმები ვეღარ გავხსენ, ავბალთე დანით. ფეხსაცმელს მოსაქნელად ჩაქუჩი დავკარ. შეშასავით ხმა გამოიღო... არც არაფერი მიგრძვნია. ვფიქრობ და ვიცი, რომ არც მე მაქვს ფეხების საქმე კარგად. წრიაპები რომ შევიბით, მერმე კარგად ვეღარ ვამოძრავებდი თითებს. ალიოშამ მოსწია. ძლივს წამგლიჯა... ფეხსაცმელები. ორთავე ფეხის თითები ხესავითაა და მუქ-ლურჯი გაჰკრავს“. მოგვიანებით უშბაზე დაღუპულ ალიოშა ჯაფარიძეს, როდესაც 12 წლის მერე იპოვიან, სწორედ მოკვეთილი ფეხის თითებით იცნობენ... ალიოშა ჯაფარიძის ნეშტის პოვნას ლევან გოთუა წერილ-ჩანახატში „მართალი ლეგენდა“ სასწაულად ნათლავს.

„სენი, რომელიც არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს" – რას ამბობენ გენიოსები სიყვარულზე

– ცნობილია, რომ ასეთი მოგზაურობის დროს ეგზოტიკაც იტაცებდა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასაც ეცნობოდა...

– ლევან გოთუას ხეტიალი და უბრალო ადამიანებთან შეხვედრა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მწერალი ადგილობრივ მოსახლეობასაც ხვდებოდა, სახალხო მთქმელებთან ერთად საღამოებს მართავდა. პირიქითა ხევსურეთში, არხოტში, კიდეგანის ქედის მწვერვალების და ერთი უსახელოს დალაშქვრას, რომელსაც ექსპედიციის წევრებმა ვაჟა-ფშაველას სახელი უწოდეს, საკავშირო პრესაც გამოეხმაურა.

ლევან გოთუამ თურმე ხევსურეთის ყველაზე მიუვალ ადგილებში ადგილობრივ სახალხო მთქმელებთან ერთად რამდენიმე ლიტერატურული საღამო გამართა. მათთან ერთად იყო გაბრიელ ჯაბუშანური და კიდევ ერთი ახალგაზრდა სოფელ ამღადან... საინტერესოა, ნეტავ ვინ იყო ეს ახალგაზრდა? ლევანის ამ მოგზაურობებს სასწაულებიც ახლდა...

საქართველოში ყოველი კეთილქართული საქმე ფარულად თუ გაკეთდება…

– მოვუთხროთ მკითხველს რომელიმე ასეთ სასწაულზე...

– საინტერესოა მწვერვალ ვაჟა-ფშაველას დალაშქვრისას მომხდარი სასწაული, როცა ნისლის ქარგაზე ცისარტყელა დაიჩრდილა.

ექსპედიციის მონაწილე დენიზა გოზალიშვილი ამ ამბავს უჩვეულო მოვლენას უწოდებს. „ის იყო მწვერვალზე ბარათის დასატოვებლად მოვემზადეთ, რომ გარემო ნისლმა დაფარა. უცებ ჩვენს უკან, ცაზე მწვერვალი და მასზე მდგომი ლევანის უზარმაზარი ფიგურა აისახა, ფაფანაკიანი თავით. ყოველივე ამას შარავანდედად ცისარტყელას რკალი შემოევლო. ამ სურათს რამდენიმე წამი მონუსხულები მივჩერებოდით!“ – წერს დენიზა გოზალიშვილი. ლევანის უზარმაზარ ჩრდილს თავად ლევანიც განცვიფრებული შესცქეროდა თურმე... განძრევისა ეშინოდა, ვერ ხვდებოდა, რატომ ხდებოდა ეს მოვლენა. ყველანი წამოიშალნენ, რომ საკუთარი ჩრდილები მათაც დაენახათ, ლევანიც შეირხა და ჩრდილიც გაქრა და აღარ განმეორებულაო, წერენ თვითმხილველნი. იქნებ შემთხვევითი არც იყო ეს ხილვა და ვაჟას სამყარომ მოგვცა ნიშანი მისი გამორჩეულობისა?..

გადასახლებიდან ჩამოსული „გაოცებული ტიპი“ - წარსულზე, აწმყოსა და ცოტა მომავალზე

– ამ თემასთან დაკავშირებით რა სახის დოკუმენტურ მასალასთან გქონდათ შეხება და ვის შეხვდით უშუალოდ?

– ჩემი დისერტაცია ძირითადად ეფუძნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ ლევან გოთუას პირადი ფონდის მასალებს. უნდა ითქვას, რომ მისი პუბლიცისტიკა, გამოსვლები, საიუბილეო თარიღები სწორედ არქივშია თავმოყრილი. მე შევხვდი ლევან გოთუას მეუღლეს, ქალბატონ ციცო ალხაზიშვილს, რომელმაც ბევრი რამ მიამბო. განსაკუთრებული იყო ლევან გოთუას და მთამსვლელ ჯაფარიძეთა ურთიერთობა, დიდი მადლობა უნდა მოვახსენო მათ შთამომავალს, ცნობილ ჟურნალისტსა და მეცნიერს ივანე ჯაფარიძეს, რომ მან პირადი არქივის მასალების გაცნობის საშუალება მომცა. მის არქივში ინახება ლევან გოთუას ძვირფასი აუდიოჩანაწერები და გურამ თიკანაძის მიერ გადაღებული ფოტოები... ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტს, ქალბატონ ნორა თიგიშვილს, რომელიც ამ თემაზე მუშაობის დროს შემთხვევით ვიპოვე. ქალბატონი ნორა იყო 1964 წელს ლევან გოთუას მიერ დაარსებული ჟურნალ „ძეგლის მეგობრის“ თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება, წლების განმავლობაში ლევან გოთუას გვერდით ემუშავა.

,,ხელოვანის ბედნიერება საკუთარი იდეის გამოხატვაშია“

– ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ ყველა ქართველის სამაგიდო წიგნია და ამასთან დაკავშირებით ხომ არ გახსენდებათ რომელიმე წერილი?

– საინტერესოა ივანე ჯაფარიძის პირად არქივში დაცული თელაველი პედაგოგის თამარ გოგიაშვილის წერილი ალექსანდრა ჯაფარიძისადმი, სადაც იგი წერს: „ქალბატონო ალექსანდრა! ვზივარ და ცივ ტილოებს ვიდებ, ფეხი გამისხლტა და დავეცი, რა გამაძლებინებდა, რომ გოთუას „გმირთა ვარამი“ არ „დაბადებულიყო“, გატაცებით ვკითხულობ. ვფიქრობ, სად გაიზარდა, ვინ შთააგონა ბედდავსილი კახელების უზომო სიყვარული. მეც, როგორც ერთი კახელთაგანი, დავალებული ვარ. მერე და როგორი სიყვარულით!“. მე ვფიქრობ, ლევან გოთუას პირადი წერილები სწორედ ის განძია, რაზეც ახალგაზრდები უნდა აღიზარდონ. მან მართლაც ისე იცხოვრა, რომ სიკვდილმისჯილთა საკანში ყოფნამაც ვერ შეუცვალა მრწამსი და სულიერად ვერ გატეხა. ბოლოს ჯანმრთელობაშერყეული, თავის ასაკთან შედრებით ბევრად ხანდაზმული მწერალი მაინც დაბრუნდა სამშობლოში. აუსრულდა, რაზეც ოცნებობდა, რომ აქ რგებოდა სასუფეველი. სულ ამბობდა: „ბედნიერ მონობას უბედური თავისუფლება გერჩიოს! მაინც გერჩიოს!..“