თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ბათუმში დღეს ტურისტული სეზონი მაშველებმა გახსნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ღონისძიების ფარგლებში, გასული წლის ყველაზე წარმატებული მაშველები მანუჩარ წულუკიძე, იგორ აზნაურიშვილი და ანრი ნემსაძე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დააჯილდოვეს.
მაშველებმა დღეს გადარჩენის სხვადასხვა ტიპის სიმულაციებიც წარადგინეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს დაინერგა ტექნოლოგიური სიახლე, რომლის ფარგლებში მაშველებთან ერთად გადარჩენის ოპერაციაში დრონიც ჩაერთვება. მასზე დამაგრებულია მაშველი რგოლი, დრონი ზუსტად განსაზღვრავს გადასარჩენი პირის ადგილმდებარეობასა და მას მაშველ რგოლს ჩაუგდებს.
„წელს ოთხი ასეთი დრონი იმუშავებს სანაპიროზე, სამომავლოდ კი რამდენიმე ათეულის შეძენაა დაგეგმილი, იგი მაშველებს დაეხმარება არა მარტო ზღვაზე, არამედ მთაში და სხვა ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.
მონაზვნების მიერ გაშენებული ბოდბის ეკლესიის ბაღი - დრონით გადაღებული ვიდეო >>
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროზე წელს 250 მაშველი იმუშავებს, მათ შორის 20 გოგონა.
დღესვე, ბათუმში ტრადიციული ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“ გაიმართება. დაგეგმილია მუსიკალური პროგრამები და შოუები. ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდება. ბოლო რამდენიმე წელია, სეზონი სწორედ ამ ფესტივალით იხსნება.