ამჟამად საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან, რადგანაც მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი, უკეთესი სამუშაო გარემო, ადამიანების უფლებების დაცვის მეტი გარანტია.
დღევანდელ სტატიაში შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ, როგორია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის – საბერძნეთის დასაქმების პოლიტიკა და როგორ მოახერხოთ, ლეგალური გზებით იპოვოთ იქ თქვენთვის სასურველი და შესაფერისი სამუშაო.
ვიდრე უშუალოდ საბერძნეთში ლეგალურად დასაქმების გზებზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთის ეკონომიკას 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და მისგან გამოწვეული სირთულეების დაძლევა დღესაც მთავრობის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, დასაქმების პრობლემა ისევ მწვავედ დგას დღის წესრიგში. საბერძნეთის შრომის ბაზარი არასახარბიელო მდგომარეობაშია. სწორედ ამ ქვეყანაში ფიქსირდება უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ( 21.5%) ევროკავშირის მასშტაბით და დასაქმებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (სამუშაო ძალის 54%).
საბერძნეთში არსებული უმუშევრობის დონიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს პროფესიები, ,რომელზედაც დიდი მოთხოვნაა და დამსაქმებლებს კადრების მოძიება უჭირთ.
მოთხოვნა მიგრანტ მუშახელზე საბერძნეთში:
საბერძნეთში, ისევე, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, გამოცხადებულ ვაკანსიაზე პირველ რიგში ადგილობრივი სამუშაო ძალა განიხილება, შემდეგ ევროკავშირის ზონი და ბოლოს მესამე ქვეყნის მოქალაქე.
საბერძნეთშიც მოქმედებს ე.წ. შრომის ბაზრის ტესტი, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ვალდებულებას, შეატყობინოს დასაქმების ეროვნულ სამსახურს, რომ აქვს სურვილი დაიქირავოს მესამე ქვეყნის მოქალაქე და გაუგზავნოს შესაბამისი ვაკანსია. დასაქმების სამსახური აქვეყნებს ვაკანსიას და ეძებს შესაბამის კანდიდატს ქვეყნის შიგნით ან ევროკავშირის მასშტაბით. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ რესურსებიდან ვაკანსია ვერ შეივსო, დასაქმების სამსახური ნებას რთავს დამსაქმებელს, გააგრძელოს მესამე ქვეყნის მოქალაქის დაქირავების პროცესი.
გარდა შრომის ბაზრის ტესტისა, საბერძნეთში ყოველი მეორე წლის ბოლოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები ადგენენ მესამე ქვეყნის სამუშაო ძალის განსაზღვრულ რაოდენობას, რომელთაც შეიძლება მიიღონ სამუშაო კონტრაქტი საბერძნეთში. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია კვოტით დადგენილი რაოდენობის არაუმეტეს 10%-ით გაზრდა.
ბოლო კვლევების მიხედვით, 2019-2020 წლებში საბერძნეთის შრომის ბაზარზე მოსალოდნელია, რომ მაღალი იქნება მოთხოვნა შემდეგ პროფესიებზე: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მუშაკები, სხვადასხვა დარგის მენეჯერები. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში საბერძნეთში დიდი სისწრაფით განვითარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო და გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ადგილობრივ შრომით ბაზარზე საკმარისი და შესაბამისი ადამიანური რესურსი არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომაა მოსალოდნელი შემდეგ წლებში ამ პროფესიებზე დიდი მოთხოვნა.
მიგრანტი მუშახელის დასაქმება საბერძნეთში – პრაქტიკული რჩევები
რასაკვირველია, ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებს საბერძნეთში სამუშაოდ ნებართვის მიღება არ სჭირდებათ. მესამე ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შემთხვევაში კი, ესაჭიროება ბინადრობის ნებართვა და ეროვნული ვიზა.
ეროვნულ ვიზაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია საბერძნეთის დიპლომატიურ მისიებში ( საელჩო, საკონსულო და ა.შ). ვიზის მისაღებად შემდეგი დოკუმენტაციაა საჭირო:
- პასპორტი
- შრომითი კონტრაქტი
- ცნობა ნასამართლობის შესახებ
- განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები
- მოთხოვნის შესაბამისად სხვა დოკუმენტაცია
რაც შეეხება ბინადრობის ნებართვას, მის შესახებ განაცხადს აკეთებს უკვე დამსაქმებელი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში.
გაითვალისწინეთ, თუ დამსაქმებელი ბინადრობის ნებართვაზე განაცხადს აკეთებს, მესამე ქვეყნის მოქალაქე აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს საბერძნეთის ტერიტორიაზე.
ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
- პასპორტისა და ვიზის ასლი ( ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ფოტოსურათი
- მოსაკრებელი 300€-ს ოდენობით
- შრომითი კონტრაქტი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე გაიცემა სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც მას საბერძნეთში გაჩერების უფლება ენიჭება. თუ ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეს ბინადრობის ნებართვა არ მისცეს, აღნიშნული სერთიფიკატის ხანგრძლივობის ვადა კიდევ ერთი წლით გაიზრდება.
თუ განცხადება დაკმაყოფილდა, მესამე ქვეყნის მოქალაქეს მისცემენ ბინადრობის ნებართვას 2 წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი შესაძლებელია, ნებართვის ვადის გაზრდა კიდევ 3 წლით.
თუ განცხადება არ დაკმაყოფილდა, შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იმავე ორგანოში, სადაც განაცხადი გაკეთდა.