საქართველოს შავი ზღვის აჭარის რეგიონი ტურისტებისთვის უამრავ სიურპრიზს ამზადებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში „Sputnik-საქართველოს“ იმ სიახლეებზე ესაუბრნენ, რომლებსაც დამსვენებლებს წელს უმზადებენ.
აჭარის სტუმრები ისიამოვნებენ არა მხოლოდ ზღვის კურორტებით, არამედ ახალი ტურისტული მარშრუტებით მთიანეთში, საიდანაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება; ზაფხულის სეზონი საერთაშორისო ფესტივალებითა და კონცერტებით იქნება დატვირთული - და ეს სიახლეების სრული ჩამონათვალი არ არის.
სეზონის გახსნა
ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება, ხოლო „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზის 2019 წლის ზაფხულის სეზონი - 16 ივნისს მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის - The Black Eyed Peas-ის გამოსვლით.
როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, მთელი სეზონის განმავლობაში დამსვენებლები არაჩვეულებრივ დროს გაატარებენ სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებების წყალობით: პროგრამაშია ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი (Batumi Music Fest), შავი ზღვის ჯაზფესტივალი (Black Sea Jazz Festival) როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. გარდა ამისა, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილია: 6 აგვისტოს ცნობილი ბრიტანელი მომღერლისა და სიმღერების ავტორის - ჯესი ჯეის, 13 აგვისტოს კი როკ-ჯგუფ Thirty Seconds to Mars-თან ერთად ამერიკელი მსახიობისა და მუსიკოსის - ჯარედ ლეტოს გამოსვლა.
ინფრასტრუქტურული პროექტები და ახალი მარშრუტები
აჭარაში მუდმივად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. ყოველ წელს რეგიონში ახალი ტურისტული ობიექტები, მთიან აჭარაში კი დამატებითი მარშრუტები იქმნება.
ინფრასტრუქტურული ცვლილებები ბათუმის პლაჟსაც შეეხო - ის უკვე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პლაჟზე დაიგო ხის ბილიკები, რომელთა მეშვეობით შშმ პირები იოლად მივლენ ზღვამდე.
შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება საშხაპეებიცა და გასახდელებიც. ისინი უფასოდ ისარგებლებენ მცურავი ეტლებით, რომლებითაც წყალში დამოუკიდებლად შესვლას შეძლებენ.
მაღალმთიან აჭარაში უკვე 15 ტურისტული მარშრუტია დაგეგმილი, რომელთა პოპულარობა წლიდან წლამდე მატულობს.
წელს ხულოს მაღალმთიან რაიონში ახალი თაგო-სხალთას საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი დაიგეგმა, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ აჭარის სოფლებში მოგზაურობით, ადგილობრივი ტრადიციებითა და კულტურით დაინტერესებულ დამსვენებლებს. ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, თაგოს საბაგიროდან, რომლის სიგრძე 1719 მეტრი, სიმაღლე კი 280 მეტრია, დატკბნენ ულამაზესი ხეობის ხედით. ტყე, სადაც საფეხმავლო ბილიკი გადის, გამოირჩევა ფლორის მრავალფეროვნებით.
უკვე ყველგან არის დაყენებული საინფორმაციო ტრაფარეტები და დაბეჭდილი ხულო-სხალთა-ხიხანისა და გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის მარშრუტების რუკები. მალე კი ჭირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური ზონების კიდევ ერთი მარშრუტი მომზადდება.
ტურისტული ინფრასტრუქტურა ვითარდება გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზეც, სადაც 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. მათი საერთო ღირებულება 150 მლნ ლარს შეადგენს. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აღნიშნავენ, ეს კურორტი, ბუნების წყალობით, უნიკალურია არა მარტო ზამთარში, არამედ ზაფხულშიც.
სასიამოვნო სიახლეებია მათთვისაც, ვინც აჭარაში ჩასვლას გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მიზნით აპირებს. სოფელ სახალვაშოში მოწყობილია სპეციალური პლატფორმა დაკვირვებისთვის დასასვენებელი ზონებითა და სათვალთვალო მოედნით. აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, რომელიც თავს მოუყრის ეკოტურისტებსა და ორნიტოლოგებს მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.
გარდა ამისა, სრულდება ბათუმის ფეხბურთის მოედნის მშენებლობა, რაც, ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ამასთანავე, აჭარაში აიგო 14 ახალი ობიექტი დამსვენებლების დასაბინავებლად და მოსასვენებელი ადგილების რაოდენობა 1,2 ათასი ადგილით გაიზარდა. საერთო ჯამში, რეგიონში 393 დასაბინავებელი ობიექტი და 22,8 ათასზე მეტი დასაძინებელი ადგილია.
„მწვანე ქალაქი“
ქობულეთში 180 ჰექტარ მიწაზე დაგეგმილია „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა. ამ ამბიციური პროექტის ღირებულება ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს გოლფის მოედნების, ფეხბურთის სტადიონების, ჩოგბურთის კორტების, სხვადასხვა ზომის აუზების, რეკრეაციული ზონების, ველობილიკების, სარბენი ბილიკების, დასასვენებელი ზონებისა და სათამაშო მოედნების აგებას.
პროექტის ფარგლებში აშენდება ასევე 250-ნომრიანი ლუქსის კლასის სასტუმრო. გარდა ამისა, აქ განთავსდება ევროპაში ყველზე დიდი სპა-ცენტრი, აპარტამენტები და ვილები, ასევე სავაჭრო ცენტრი და ვერტმფრენის მოედანი.
ბათუმის ბულვარი
აჭარის სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი - ბათუმის ბულვარია. ე.წ. „ახალ“ ბულვარში ბავშვებისთვის მოწყობილი პლასტიკის ატრაქციონები ხის ატრაქციონებით შეიცვალა. „ძველ“ ბულვარში კი შეალამაზებენ გედების ტბას და გახსნიან ქართველი აგრონომ-დეკორატორის, იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერს. „ძველ“ ბულვარში გაიზრდება საზოგადოებრივი საპირფარეშოების რაოდენობა.
პლაჟი მთლიანად გათავისუფლდება უკანონოდ ჩადგმული კაფეებისა და რესტორნებისგან, ასევე მაღაზიებისგან.
მტირალას ეროვნული პარკი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი
მტირალას ეროვნულ პარკთან მისვლა ამიერიდან ახალი მოასფალტებული გზით იქნება შესაძლებელი, რაც, ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
აქ, „კავკასიის ბუნების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, გაკეთდება „თოკების პარკი“ როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. პროექტის ღირებულება 168 ათასი ლარია.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღს რაც შეეხება, დაიდგმება ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობა, პატარა კაფე და მოეწყობა დასასვენებელი ადგილი.
ბათუმის ბოტანიკური ბაღი სტუმრებს გაახარებს ახალი, ნეკერჩხლების ხეივნითა და „საგანმანათლებლო“ სკვერით, სადაც შეხვედრები, პრეზენტაციები და გამოფენები გაიმართება.
გიდები
ტურისტებს მოემსახურებიან მაღალი დონის გიდები, რომლებიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მოამზადა. ისინი სამი მიმართულებით იმუშავებენ: ბათუმის გიდები, მაღალმთიანი აჭარის გიდები და ეროვნული პარკების გიდები.
ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გიდებისთვის ჩაატარებს სპეციალურ ტრენინგებს, რომლებიც ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. სულ სააგენტო გეგმავს 50 გიდის გადამზადებას, რომლებიც ტურისტებს სრულფასოვან ტურებს შესთავაზებენ. ხარისხის ნიშნის მისაღებად გიდები სპეციალურ გამოცდებს აბარებენ.
მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გიდებისთვის დაგეგმილია ათი საინფორმაციო ტურის ჩატარება ეკოლოგიურ, კულინარიულ და სასოფლო-სამეურნეო მარშრუტებზე.
ავიარეისები
ამ სეზონზე ავიარეისებს 24 მიმართულებით 25 ავიაკომპანია შეასრულებს. რეგულარულ რეისებს რუსეთიდან, ისრაელიდან, ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან დაემატება ჩარტერული რეისები ევროპის ქვეყნებიდან.
სულ ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს ექვსი ახალი კომპანია შეასრულებს: FLYNAS (საუდის არაბეთი), BUTA Airway (აზერბაიჯანი), GETJET (ლიეტუვა), Enter Air (პოლონეთი), SkyUp Airlines (უკრაინა), Smartlynx Airlines (ლატვია).
სტატისტიკა
მაღალმთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. 2018 წლის მონაცემებით, აჭარის რაიონებში ეკო და სასოფლო-სამეურნეო მარშრუტებს 244,4 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 124%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობას, გასულ წელს რეგიონში 2,1 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. 2019 წლის ოთხი თვის მონაცემებით, რეგიონში დაფიქსირდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ვიზიტორი, განსაკუთრებით, ბათუმის აეროპორტში (+42 %).
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აჭარაში!