საუბრები სელინჯერსა და ლინჩზე: ბენდუქიძის კამპუსში Art Weekend-ი იწყება

არტ-უიქენდის პროგრამაშია საინტერესო ლექციები, კინოჩვენებები და ფოტოგამოფენები ქართული და მსოფლიო ხელოვნების შესახებ
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საიუბილეო, მეხუთე Art Weekend კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 7, 8 და 9 ივნისს გაიმართება. საუბრებზე ქართულ და მსოფლიო ხელოვნებაზე არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ყველა მსურველს იწვევენ.

პროგრამაშია საინტერესო ლექციები, კინოჩვენებები და ფოტოგამოფენები.

ღონისძიება 7 ივნისს გაიხსნება ლექციით გამოჩენილი ქართველი მხატვრისა და გამომგონებლის შესახებ - „დავით კაკაბაძე - ხელოვნება და მეცნიერება"; ასევე, ნაჩვენები იქნება შედევრი ქართული კინემატოგრაფიის საგანძურიდან, 1930 წელს გადაღებული ფილმი „ჯიმ შვანთე" (რეჟისორი მიხეილ კალატოზოვი).

ვიდეოსახელოსნო და შემოქმედებითი სტარტაპები: საქართველოში ინოვაციური ჰაბი შეიქმნა

ღონისძიების მეორე დღეს, 8 ივნისს დაგეგმილია საჯარო ლექციები: „სოციალური და პოლიტიკური თეატრი - იარაღი საკუთარ თავზე და გარემოზე სალაპარაკოდ", „დევიდ ლინჩის "Twin Peaks-ის მითოლოგია", „გასართობი დაკვირვებები ქართულ ფილმებზე".

Art Weekend-ის მესამე დღეს, 9 ივნისს სტუდენტებთან და სტუმრებთან გაიმართება დისპუტი ცნობილ ამერიკელ მწერალ ჯერომ სელინჯერზე, გერმანულენოვანი ავტორების გაერთიანებაზე „ჯგუფი 47", გრაფიკულ ნოველებზე. ლექციებს ჩაატარებენ ლევან გიგინეიშვილი, დათო გორგილაძე, სანდრო რაჩკოვსკი და ანა კორძაია-სამადაშვილი.

ლექციების პარალელურად კამპუსში გაიმართება ფოტოგრაფ გიორგი დადიანის ნამუშევრების გამოფენა „1+1+1".

დასწრება Art Weekend-ის ღონისძიებებზე თავისუფალია. დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.