ფილმი „საქართველო - ღვინის სამშობლო" საფრანგეთის პრესტიჟულ ფესტივალში მონაწილეობს

საერთაშორისო სპეციალისტებმა 2017 წელს დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა. ამას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნეს.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საქართველო - ღვინის სამშობლო" მონაწილეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ღვინისადმი მიძღვნილ ფესტივალში Oenovideo.

ფესტივალი Oenovideo ყოველ წელს საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციების მუზეუმში იმართება. წელს საკონკურსო ჩვენებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 144 ფილმია ჩართული. კატეგორიაში „ფილმი" ნომინანტების ნუსხაში სულ 37 სურათი მოხვდა, მათ შორის - ქართული ფილმი.

მეცნიერებმა ბორდოში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის" ანგარიში წარმოადგინეს>>

რიგით 26-ე ფესტივალი Oenovideo 13-16 ივნისს გაიმართება. კონკურსის ჟიურის წევრები არიან: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+"-ის ჟურნალისტი, ემანუელ მურე - კინორეჟისორი და პროდიუსერი, ნიკოლას ბრიდე - „ცეზარის" პრემიის ლაურეატი, Ciné Master Class-ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი.

მეცნიერები: მეღვინეობა მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა

„ფილმი „საქართველო – ღვინის სამშობლო" ეძღვნება იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას, რომელმაც ისტორიული აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწორედ ჩვენ ქვეყანაში დაიწყო ღვინის პირველი წარმოება, რაც უწყვეტად გაგრძელდა თანამედროვეობამდე", – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

45-წუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა საქართველოში, აშშ-ში, იტალიასა და საფრანგეთში. პროექტი მოამზადა სტუდია Cineman Film-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის" მხარდაჭერით.

საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

ორი ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და შვიდი ვერცხლი: ქართული ღვინის გამარჯვება „საკურას“ კონკურსზე>>

საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების კვლევები ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.