თავადი ივანე რატიშვილი, ანუ, რუსულ ყაიდაზე – ივან რატიევი რუსეთში, ქალაქ ორიოლში დაიბადა 1868 წელს. მისი წინაპრები საქართველოდან 1724 წელს გადასახლებულან რუსეთში. ივანემ ჯერ ორიოლის კადეტთა კორპუსი, შემდეგ კი იმპერიის პრივილეგირებული საკავალერიო სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. ამის შემდეგ კი სამსახურად საქართველოსკენ გამოემგზავრა, სადაც ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკი იდგა.
ევროპაში სამოგზაუროდ წასულმა მომავალი მეუღლე გაიცნო — იმპერატრიცა ალექსანდრას ფრეილინა, კნიაჟნა ეკატერინე ბაგრატიონ-გრუზინსკი, ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორის შვილთაშვილი. ჯვარი ტფილისში დაიწერეს. ცხოვრებით კი ხან ტფილისში ცხოვრობდნენ, ხანაც — პეტერბურგში. მალე შვილები შეეძინათ: ვაჟი დიმიტრი და ქალიშვილი ოლგა.
ივანე რატიშვილი 1907 წელს დიდუბის იპოდრომზე გამართული დოღის დროს დაშავდა და იძულებული შეიქნა, სამხედრო სამსახური დაეტოვებინა. საფრანგეთში გაემგზავრა და პარიზის სამხატვრო აკადემიაში (Académie des Beaux-Arts) ლექციების კურსი მოისმინა. იქიდან პეტერბურგში დაბრუნდა და ხელმწიფის კარზე დაიწყო სამსახური. მალე პირადად იმპერატორის ბრძანებით ზამთრის სასახლის გვარდიის კავალერიის ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს. მერე კი სასახლის პოლიცმაისტერად დანიშნეს და ჩინიც მოუმატეს — პოლკოვნიკი გახდა.
ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში ივანე რატიშვილს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა იმპერატორის კარზე სამსახური. თავადსა და მისი ოჯახის წევრებს საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება მიუსაჯეს და რომ არა განათლების სახკომის, ანატოლი ლუნაჩარსკის ქომაგობა, სასტიკი სასჯელი არ ასცდებოდათ.
გაზეთმა „ზარია ვოსტოკამ“ ბოლშევიკური გადატრიალების, ანუ, როგორც საბჭოთა ეპოქაში უწოდებდნენ, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 40-ე წლისთავზე მკითხველებს ის ისტორია მოუთხრო, რომელმაც თავის დროზე იხსნა რატიშვილების ოჯახი გარდაუვალი სიკვდილისგან:
„1917 წელს ივანე რატიშვილს ზამთრის სასახლის სამმართველოს უფროსის თანაშემწის თანამდებობა ეკავა. 25 ოქტომბერს, როდესაც სამეფო კარის სამინისტროს ყველა ხელმძღვანელი პანიკურად გარბოდა, ერთადერთმა მან არ მიატოვა პოსტი, რადგან ესმოდა, რომ ხალხისთვის, შთამომავლობისთვის უნდა შემოენახა ის უდიდესი საგანძური, რომელიც სასახლეში იყო თავმოყრილი.
დაცვის წევრმა გრენადერებმა მისი ხელმძღვანელობით ყველაზე ძვირფასი ნივთები სარდაფის სეიფებში ჩაზიდეს. საგანძურის კართან, რომლის ადგილსამყოფელიც სასახლეში ძალიან ცოტამ თუ იცოდა და სადაც სხვა ძვირფასეულობასთან ერთად მეფის ხელისუფლების ატრიბუტები — 185-კარატიანი ცნობილი ბრილიანტი „ორლოვით“ შემკული სამეფო სკიპტრა, იმპერატორის გვირგვინი და „დერჟავა“ ინახებოდა, მან მცველად თავისი 16 წლის ვაჟი და ორი ყველაზე საიმედო გრენადერი დააყენა.
როდესაც სასახლეში მოიერიშე რაზმები შეიჭრნენ, ივანე დიმიტრის ძემ კონტაქტი დაამყარა ანტონოვ-ოვსეენკოსთან. ჯარისკაცები და მატროსები განცვიფრებულები შეჰყურებდნენ ტანმაღალ პოლკოვნიკს, რომელსაც სასახლეში დარჩენა გაებედა და რომელიც თავისუფლად იკვლევდა გზას უსასრულო დარბაზებსა და დერეფნებში.
სწორედ მოიერიშეებისა და გრენადერებისგან გახდა ცნობილი პოლკოვნიკის კეთილშობილური და პატრიოტული ქმედების შესახებ…“
სხვათა შორის, სწორედ თავად რატიშვილის ქალიშვილი ოლგა ჰყვებოდა, რომ გავრცელებული ცრუ ვერსიის საწინააღმდეგოდ, თითქოს კრეისერმა „ავრორამ“ ზამთრის სასახლეს ფუჭი ჭურვები ესროლა, კრეისერმა ნამდვილი საბრძოლო ცეცხლი გახსნა. გოგონა იმ მომენტში სასახლეში ყოფილა და საკუთარი თვალით უნახავს, როგორ შევარდა ჭურვი ალექსანდრე მესამის კაბინეტში, სადაც მთელი კედელი დაანგრია.
ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ვლადიმირ ლენინმა ივანე რატიშვილი ზამთრის სასახლისა და პეტროგრადის ყველა სასახლისა და მუზეუმის მთავარ კომენდანტად დანიშნა. იგი იყო ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც დაიმსახურა მიმართვა „ამხანაგო თავადო“. თავად ლენინი მიმართვადა თურმე ასე.
ივანე რატიშვილს მერეც არაერთხელ მოუწია ახალი ხელისუფლების დავალებების შესრულება. 1919 წელს სწორედ ის აცილებდა შემადგენლობას, რომელსაც პეტროგრადიდან მოსკოვში გადაჰქონდა სახელმწიფოს ოქროს მარაგი, და წარმატებითაც გაართვა თავი ამოცანას, მიუხედავად იმისა, რომ მატარებლის გაძარცვა სცადეს.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ივანე რატიშვილისთვის ის ტრაგიკული გამოდგა. ჯერ მეუღლე მიაბარა მიწას 1917-ში, ხოლო ათი წლის შემდეგ ვაჟი დიმიტრი, რომელიც მდინარე მოსკოვში დაიხრჩო.
რუსეთის იმპერიის საგანძურის მცველმა და გადამრჩენელმა სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა. თავიდან ჩაიკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობდა პაწია ბინაში.
საბჭოთა ხელისუფლება მოწყალედ ექცეოდა ივანე რატიშვილს. პენსიაც კი დაუნიშნა, რომლის დიდ ნაწილს გაჭირვებულ ნათესავებსა და მეგობრებს უნაწილებდა.
საკუთარი ისტორიის მოყოლა არ უყვარდა. მასზე მხოლოდ სიცოცხლის ბოლო წლებში, მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ქართულმა პრესამ სამეფო საგანძურის გადარჩენაში მისი ღვაწლის თაობაზე დაწერა. ჰოდა, მეზობელი სკოლების პიონერებმაც მოუხშირეს მეფის არმიის პოლკოვნიკთან, იმპერატრიცა ალექსანდრას ფრეილინას ქმართან ვიზიტებს წითელი ყელსახვევის შესაბმელად.
სიცოცხლის ბოლოს ივანე რატიშვილს საბურთალოზე, ყაზბეგის (ძველი პავლოვის) გამზირზე მისცეს ოროთახიანი ბინა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 89 წლისა 1958 წელს.