ცნობილია, რომ 2017 წელს ფონდის ზარალმა 481 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ მომენტამდე არ არის გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიში, შესაბამისად, ლაპარაკია 2 წლის წინანდელ მაჩვენებლებზე. როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი მინისტრობისას შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ წლების მანძილზე ფონდი არაეფექტიანად იმართება, ბევრი გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური კუთხით, ზეწოლით დ ა.შ.
„ფონდის ეფექტიანობის დათვლა ძალიან მარტივია – რამდენი ფული გაქვს ჩადებული თავიდან ბოლომდე და რამდენი გაქვს ამონაგები დასაწყისიდან დღემდე, და რაც ახლა გაქვს აქტივები, რომ გაყიდო, რამდენს მიიღებ. რა ფულიც აქვს ფონდს ჩადებული თავიდან, ის ამონაგები, რაც მიიღო ამ წლების განმავლობაში და რაც დარჩა აქტივები, სულ რომ გაყიდო არის –25%-ში მიახლოებით, ანუ რაც ფული აქვს ფონდს ჩადებული, 25% აქვს დაკარგული“, - ამბობს ქობულია.
ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე კი ირწმუნება, რომ ფონდი სახელმწიფო კომპანიების მართვაში საერთოდ არ მონაწილეობს და მათგან მხოლოდ დივიდენდებს იღებს.
„ამ კონსოლიდირებული ანგარიშიდან თუ ამოვიღებთ სახელმწიფო ელექტროსისტემისა და რკინიგზის ზარალს, რომლებსაც არ ვმართავთ და მათი მუშაობა ჩვენზე დამოკიდებული არ არის, საპარტნიორო ფონდმა 192.6 მლნ ლარის მოგება მიიღო. ვიმეორებ, 2017 წელი ბოლო მონაცემია და 2018 წლის ბალანსი ჯერ არ გვაქვს. 2018 წლის მონაცემების სამუშაო ვერსია გვაქვს და ის უკვე გადაეცა აუდიტორულ კომპანიას. შემიძლია გითხრათ, რომ მონაცემები ისევ ძალიან კარგია. თუ უშუალოდ საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს და იქიდან მიღებულ შემოსავლებს განვიხილავთ, აქ მოგება 18 მლნ ლარს აჭარბებს“, - განაცხადა საგანელიძემ 27 მაისს პარლამენტში გამოსვლისას.
მისი აზრით, ფონდის შვილობილი ობიექტები – „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და სხვა სახელმწიფო კომპანიები, რომლებსაც „საპარტნიორო ფონდი“ არ მართავს, ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს. როგორც ის ამბობს, ფონდის რეფორმირების პროექტი უკვე შეტანილია მთავრობაში განსახილველად.
რას წარმოადგენს საპარტნიორო ფონდი
ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ სს „საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. „საპარტნიორო ფონდი“ შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი კომპანიებისგან:
• საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
• საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
• საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
• ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი
• სს თელასი - 24.5% წილი
გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაშია „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“, რუხის სავაჭრო ცენტრის 100%, „ბორჯომი–ლიკანი ინტერნეიშენალის“ 50% და სხვ.
ფონდი მართავს საკუთარ აქტივებს და ასევე ეწევა საინვესტიციო საქმიანობას. იზიდავს ინვესტიციებს და აბანდებს საქართველოში მოქმედ კერძო და სახელმწიფო კომპანიებში, სააქციო კაპიტალისა და ვალის დაფინანსების და გარანტიის გზით. პრიორიტეტი ენიჭება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და უძრავი ქონების სექტორებში განხორციელებულ პროექტებს.
საპარტნიორო ფონდი ბოლო წლებში არასტაბილურობით გამოირჩა. 2017 წელი 481 მლნ ლარის ზარალით დაამთავრა. 2016-ში 24 მლნ მოგება ჰქონდა, 2015-ში – 194 მლნ ზარალი, 2014-ში – 124 მლნ მოგება. ფონდის საქმიანობის შესახებ წერია 2018-2021 წლების ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში, რომელიც საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს ერთვის.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2015 წელს საპარტნიორო ფონდმა განახორციელა ინვესტიციები სამშენებლო მასალების და თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების წარმოების, ხილის ექსპორტის, მშენებლობისა და სავაჭრო ცენტრების ლიზინგის პროექტების საწესდებო კაპიტალში. ასევე გაიცა სესხები სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული სექტორების პროექტებზე.
2016 წელს ფონდმა განახორციელა 25 მლნ ლარის ინვესტიცია ენერგეტიკის, უძრავი ქონების და სამეწარმეო სექტორის პროექტებზე.
ფისკალური ანალიზის დოკუმენტში ასევე წერია, რომ საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად საპარტნიორო ფონდმა 150 მლნ აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლის დაფარვა 2017 წელს დაიწყო და ეს პროცესი 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდება.
ყოველწლიურად იზრდება საპარტნიორო ფონდის დაფინანსება საბიუჯეტო სახსრებით.
„სახელმწიფო საწარმოებში 2017 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალში შენატანის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია დაგეგმილი კაპიტალური პროექტებით“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
„სესხის მომსახურებისთვის საჭირო შემოსავლების ძირითად წყაროს ფონდისთვის წარმოადგენს შვილობილი კომპანიებიდან მიღებული დივიდენდები. 2016 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გადაიხადა 12.7 მლნ ლარი დივიდენდი, ესკომ - 24 მლნ ლარი. 2015 წელს გადახდილი დივიდენდი ჰქონდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (29 მლნ ლარი). საკმარისი დივიდენდების არარსებობის შემთხვევაში ფონდს მოეთხოვება საკუთარი ინვესტიციების ლიკვიდაცია ან შვილობილი კომპანიებისგან სესხება. 2016 წელს საპარტნიორო ფონდს მოუწია 6 მლნ ლარის სესხება საკუთარი კომპანიისგან საქართველოს რკინიგზისაგან – ვალის მომსახურების დასაფარად“, - წერია დოკუმენტში.
ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში განმარტებულია 2017 წლის ზარალის მიზეზი.
„მიღებული ზარალის ძირითადი მიზეზია ფონდის შვილობილ საწარმოებში დაფიქსირებული უარყოფითი შედეგები. კერძოდ, სს „საქართველოს რკინიგზამ“ 2017 წელი დაასრულა 354 მლნ ლარის ზარალით, რაც აუდიტორული კომპანია „KPMG საქართველოს“ მიხედვით, განპირობებულია ე.წ. „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ პროექტით. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2017 წელი აგრეთვე დაასრულა 320 მლნ ლარის ზარალით, რაც, აუდიტორული კომპანია „KPMG საქართველოს“ მიხედვით, განპირობებულია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შვილობილი კომპანია შპს „ენერგოტრანსის“ წმინდა საოპერაციო ფულადი ნაკადების დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლები რაოდენობით. ზემოაღნიშნული ძირითადად განპირობებული იყო ელექტროენერგიის ტრანზიტით გამოწვეული საბიუჯეტო ფულადი ნაკადების დეფიციტით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ცხრილი. საპარტნიორო ფონდის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები (ათასი ლარი)
საპარტნიორო ფონდის ჯამი | 2012 წელი | 2013 წელი | 2014 წელი | 2015 წელი | 2016 წელი | 2017 წელი |
შემოსავლები | 1,365,724.8 | 1,349,719.3 | 1,465,071.4 | 1,855,648.8 | 2,190,263.8 | 2,367,414.6 |
ხარჯები | 1,334,420.7 | 1,252,323.8 | 1,289,016.8 | 2,018,227.4 | 2,105,529.3 | 2,804,332,1 |
წმინდა მოგება გადასახადის შემდეგ | 199,911.2 | 59,373.7 | 156,121.5 | -154,912.6 | 100,067.0 | -441,517.5 |
2016 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ წმინდა მოგება, 2015 წელთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა და 78.0 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელს ასევე გაიზარდა GOGC-ს საოპერაციო მოგებაც და 149.6 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მონაცემზე 65,5%-ით მეტია. 2015 წელს კორპორაციის საოპერაციო მოგება 90,4 მლნ ლარი იყო, ჯამური აქტივები კი 12,6%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდი ლარი შეადგინა. აგრეთვე გაიზარდა კორპორაციის ჯამური შემოსავალი და 2016 წელს მან 633,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 27,9%-ით მეტია. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 495,4 მლნ ლარი იყო.
რაც შეეხება სახელმწიფო ელექტროსისტემას, სსე-ს და მისი შვილობილი კომპანიების შემოსავლები 2016 წელს 15%-ით გაიზარდა და 120.2 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლოსთვის, კომპანიის ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის ოდენობა 25.3 მლნ-ს შეადგენდა. წლიური მოგება კი პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე გაიზარდა 1.1-ჯერ და შეადგინა 73.6 მლნ ლარი.
სამაგიეროდ, მცირდება საქართველოს რკინიგზის შემოსავალი. 2016 წელს, 2015-თან შედარებით, სახელმწიფო კომპანიის მთლიანი შემოსავლები 23%-ით ნაკლებია, ტრანსპორტირების მოცულობა კი წლიურად 16%-ით შემცირდა. 2016 წელს საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 440 მლნ ლარი იყო, 2015 წელს კი 575 მლნ ლარი.
2016 წელს სს „თელასის“ მოგება ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. 2016 წელი კომპანიამ 38,8 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 6,5 მლნ ლარი იყო, 2014 წელს – 27 მილიონი. 2013 წელი კომპანიამ 37,8 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2012 წელი კი 24 მილიონი ლარის მოგებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს.
დეპუტატი რომან გოცირიძე საპარტნიორო ფონდის ზარალს სახელმწიფო საწარმოების არაეფექტიან მართვას უკავშირებს და ამბობს, რომ კორუფციის შედეგად შემოსავალი ყოველწლიურად იკლებს.
„ეს არის იმ ორგანიზაციების ზარალი, რომლებიც ფორმალურად შედიან საპარტნიორო ფონდში. ამ ზარალიდან ძირითადი, ანუ 300 მილიონზე მეტი არის რკინიგზის ზარალი. დანარჩენი ზარალი ეკუთვნის ელექტროგადაცემას. ეს ორივე არის სახელმწიფო ორგანიზაცია და ორივე ძალიან არაეფქტიანად მუშაობს. შესაძლოა ვთქვათ, რომ ესენი გაკოტრებული ორგანიზაციები არიან და საპარტნიორო ფონდს ფორმალურად არიან მიკუთვნებულები“, – ამბობს გოცირიძე.
მისი თქმით, რკინიგზა იმართება კორუფციულად, მენეჯმენტი არის ნულის ტოლი, ტვირთები განახევრდა და, საერთოდაც, რკინიგზას აქვს უზარმაზარი ვალი.
„შემოსავალი კლებულობს რკინიგზაში და ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო წინა წლებში. ჯამში 2017 წელს სახელმწიფო საწარმოებისაგან მიღებულმა ზარალმა მილიარდნახევარ ლარამდე შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის რესურსებიდან იფარება ეს ხარჯი, არადა, ამ ზარალის დასაფარი ფული შესაძლოა ბიუჯეტში მოხვედრილიყო და სოციალურად დაუცველებსა და გაჭირვებულებს მოხმარებოდა, ან დარგის განვითარებას“, - ამბობს რომან გოცირიძე.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია როგორ გააგრძელებს საპარტნიორო ფონდი მუშაობას. ფონდის ერთ-ერთი მიზანი ინვესტიციების მოზიდვაა. გასული წლის მონაცემებით კი ინვესტიციების მხრივაც მნიშვნელოვანი კლებაა წინა წლებთან შედარებით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მილიონი აშშ დოლარი)
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 |
სულ | 1022.9 | 1020.5 | 1817.7 | 1665.6 | 1565.8 | 1894.5 | 1232.4 |
თემურ იოსელიანი