თბილისური ეზოს მუსიკა - საქართველოს დედაქალაქში „დანელიადა“ იწყება

„თბილისური ეზო“ გიორგი დანელიას მუსიკისა და შემოქმედების ყველა მოყვარულს ელოდება
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. მუსიკალური პროექტი „თბილისური ეზო 2019“ საქართველოს დედაქალაქში 2 ივნისს იწყება, იუწყებიან პროექტის ორგანიზატორები.

კომპანია ArtArea-ს მუსიკალური პროექტი „თბილისური ეზო“ დედაქალაქში რამდენიმე წელია არსებობს. პროფესიონალი მუსიკოსები იკრიბებიან ქალაქის სხვადასხვა ეზოებში, აწყობენ იმპროვიზებულ სცენებს და შეკრებილი მსმენელის წინაშე უკრავენ. ისინი ყველა ჟანრის მუსიკას ასრულებენ: კლასიკით დაწყებული ქალაქური სიმღერით დასრულებული.

წელს „თბილისური ეზო“ ეძღვნება ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, გიორგი დანელიას შემოქმედებას და ატარებს სახელწოდებას „დანელიადა“.

ყველაზე გემრიელი და იშვიათი კერძები: თბილისში კულინარიული ფესტივალი გაიმართება

პროექტში მონაწილეობას იღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სოლისტები - გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ მაჩაიძე, ნატალია ბენიძე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ არტისტები, ნომრების დამდგმელი რეჟისორი მარიამ ალექსიძე, პროექტის მოწვეული სტუმარი - ლევან გაბრიაძე. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი - უტა ბერაია. იდეის ავტორი და რეჟისორი - ირაკლი შატბერაშვილი.

პირველი კონცერტი შედგება დღეს 20:00 საათზე. მისამართი: ინგოროყვას ქუჩა, 4. „თბილისური ეზო“ დიდი რეჟისორის მუსიკისა და შემოქმედების ყველა მოყვარულს ელოდება. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.