ტყვიის შემცველობაზე სათამაშოებსა და საღებავებს შეამოწმებენ

გაეროს კვლევების თანახმად, საქართველოს სოფლებში მცხოვრები ბავშვების სისხლში ტყვიის უფრო მაღალი შემცველობაა, ვიდრე ქალაქში მცხოვრები ბავშვების სისხლში.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სათამაშოებისა და საღებავების შემოწმება ტყვიის შემცველობაზე საქართველოში, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2018 წელს საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების გამოკვლევა დაიწყეს. ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. სულ გამოიკვლიეს 1,6 ათასი ბავშვი. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 25%-ში ტყვიის მცირე შემცველობაა, ხოლო 16%-ში მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.

საიდან გაჩნდა ბავშვების სისხლში ტყვია? ჯანდაცვის სამინისტრო განმეორებით კვლევას ჩაატარებს

გასულ კვირაში მთავრობამ დაამტკიცა შესაბამისი პროგრამა და დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება ვითარების შესწავლა იმ ოჯახებში, რომლებშიც არიან ბავშვები სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობით. კვლევის მთავარი მიზანია ტყვიის წყაროს პოვნა, განაცხადა გამყრელიძემ.

„რამდენიმე სამინისტროს ჩართულობით დაიწყება მულტისექტორული პროგრამა, რომელიც სამი-ხუთ წელზე გაიწერება და, რომლითაც ტყვიის პრობლემა ქვეყანაში უნდა მოვაგვაროთ", - განუცხადა ჟურნალისტებს გამყრელიძემ.

16 ოჯახში, სადაც ძალიან მომატებული იყო ტყვიის შემცველობა (30 მკგ-ზე მეტი დეცილიტრზე), უკვე მუშაობენ პედიატრები, გარემოს სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები.

ტყვია ბავშვების სისხლში – ყველაზე საგანგაშო ვითარება აჭარაშია>>

თბილისში ფუნქციონირება დაიწყო აკრედიტებულმა ლაბორატორიამ, რომელსაც ამგვარი ტიპის კვლევების ჩატარება შეუძლია, განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ადრე ქართველ სპეციალისტებს სისხლის ნიმუშების გაგზავნა იტალიის ლაბორატორიაში უხდებოდათ.

ვითარება საქართველოში

საქართველოში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება ბავშვების ტყვიით მოწამვლა.

1980-90-იან წლებში ბევრ ქვეყანაში ტყვიის წყარო ეთილირებული ბენზინი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დასავლეთში და, მათ შორის, საქართველოშიც ამ ბენზინის გამოყენება აიკრძალა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.

ამავე დროს, ჯერჯერობით რთული დასასახელებელია მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვთ აღმოსავლეთ საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობა უფრო დაბალი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს.

ტყვია ბავშვების სისხლში - სად არის ყველაზე მძიმე სიტუაცია რეგიონების მიხედვით

კერძოდ, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს შემდეგ რეგიონებში: აჭარა – 85%; გურია – 73%; სამეგრელო/ზემო სვანეთი – 71%; იმერეთი – 61%; სამცხე-ჯავახეთი – 32%; თბილისი – 30%; კახეთი – 25%; მცხეთა-მთიანეთი – 20%; ქვემო ქართლი – 18%; შიდა ქართლი – 21%.

კვლევით დადგინდა, რომ ტყვიის გავრცელების საშიშ წყაროს წარმოადგენენ: სამშენებლო და სარემონტო მასალები, სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკური საშუალებები, სამზარეულოს ნივთები და მაისურები. მკვლევართა ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ ტყვია ვერ აღმოაჩინეს წყალში.

ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა.შ. თუ ტყვია ადამიანის ორგანიზმშია, მისი გამოვლენა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.

საიდან ხვდება სისხლში ტყვია: თბილისში კვლევა ჩაატარეს

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობასა და სხვ.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.