თბილისი, 29 მაისი — Sputnik. Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერის, შოტლანდიური როკ-ჯგუფ Franz Ferdinand-ის „გახურებაზე“ 21 ივნისს მუსიკალური ინდუსტრიის ახალბედა ქართული ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters წარდგება, იუწყებიან ორგანიზატორები.
Four Dimensional Monster Lobsters-ს ფესტივალზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცა კონკურს Newcomers-ში გამარჯვების შედეგად, რომელსაც Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორები ყოველ წელს ატარებენ, რათა ახალბედა მუსიკოსებს დიდ სცენაზე წარდგენის შესაძლებლობა მიეცეთ. Newcomers-2019-ის ტიტულისთვის იბრძოდა 12 მუსიკოსი, რომლებიც ფინალისთვის 80 კანდიდატს შორის შეირჩა. ფინალისტების გამოსვლა რუსთაველის გამზირზე ღია ცის ქვეშ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა.
ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters 2019 წლის იანვარში შეიქმნა. არტისტები ფსიქოლოგიური სინტი-პოპის სტილის მუსიკას ასრულებენ. უახლოეს დროს მუსიკოსების სადებიუტო ალბომი სახელწოდებით Secret Missions გამოვა.
ფესტივალის ორგანიზატორების ლაინ-აპიც გარკვეულია - აკუსტიკური მუსიკის და ჯაზის სცენაზე, ასევე ელექტრონული მუსიკის სცენაზე წარდგებიან ისეთი კოლექტივები, როგორიცაა Forest Rain, Explorers" Vibe, თორნიკე გაგოშვილი, Enforcement და Beqa.
Tbilisi Open Air-ი Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე 21-23 ივნისს გაიმართება. სამი დღის განმავლობაში ოთხ სცენაზე 60-ზე მეტი მუსიკოსი წარდგება.
წელს ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან ბრიტანული ჯგუფები Unkle და The Subways, ამერიკული დუეტი Rhye, კანადელი მომღერალი მიშელ გურევიჩი, გერმანელ-იტალიელი დიჯეი David August და რუსი მუსიკოსი Andrey Pushkarev.
Tbilisi Open Air თბილისში 2009 წლიდან იმართება და ის რეგიონში ღია ცის ქვეშ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალია. ამ ხნის მანძილზე მის სცენაზე უმღერიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორიცაა - ზემფირა, „დდტ“, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lilies, Soap and Skin, Morcheeba, Tom Odell და სხვ.