თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინარულმა კომისიამ სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ლექტორს, ომარ მახარაძეს ხელშეკრულება შეუწყვიტა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
რამდენიმე დღის წინ 19 წლის სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ლექტორი სოციალურ ქსელში გოგონას სწერდა და „თამამი სელფების" გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. სტუდენტის თქმით, მას აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და მიმოწერა აქვს. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს სტუდენტებთან ურთიერთობა დროებით აუკრძალეს.
ომარ მახარაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნივერსიტეტის დისციპლინარული კომისიის შვიდივე წევრმა ერთხმად მიიღო.
კომისიის წევრები სხდომაზე ომარ მახარაძესაც ელოდებოდნენ, თუმცა ლექტორი იქ არ გამოცხადებულა.
კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება ომარ მახარაძეს ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში შეუძლია.
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა ლექტორი, რომელიც ამავე დროს ბათუმის საკრებულოს წევრია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებსაც ტოვებს.
„თამამი სელფი გამომიგზავნე": ბათუმში სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს >>
თანამდებობის დატოვების მოთხოვნით ომარ მახარაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს სულიკო თებიძეს უკვე მიმართა.
ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
მომხდარზე გამოძიება თავიდან საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რა იძულებას გულისხმობს, თუმცა მოგვიანებით მუხლი შეიცვალა. სამართალდამცველები ამ ეტაპზე საქმეს სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების მუხლით იძიებენ.