როგორია ევროპული მოედნები – თბილისელებს გამოფენაზე ეპატიჟებიან

მსურველებს ექსპოზიციის დათვალიერების საშუალება 10 ივნისის ჩათვლით ექნებათ.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ევროპის ცნობილი ქალაქების მოედნებს, რომლებმაც ურბანიზაციის გავლენით შეიცვალეს იერი, წარმოადგენენ გამოფენაზე „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები", რომელიც ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში სამშაბათს, 28 მაისს გაიხსნება.

თბილისში დიდი გამოფენა „წიგნები საქართველოზე" გაიმართება

ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს პროფესიონალური დრონით გადაღებულ ყველაზე ცნობილი ევროპული მოედნების უნიკალურ ფოტოებს.

ევროპის სხვადასხვა მოედნების თემას მრავალი კვლევა, დოკუმენტური მასალა და გამოფენა მიეძღვნა, მაგრამ ევროპული მოედნების ისტორიის ასეთი მასშტაბით შესწავლისა და მათი ჩვენების პერსპექტივის მცდელობა მსოფლიოში სულ რამდენიმეა, აღნიშნავენ ქართულ მუზეუმში.

„ურბანული მოედანი ევროპული ისტორიული და არქიტექტურული ფენომენია. მოედნები არ არსებობენ თავისთავად და დამოუკიდებლად, ისინი წარმოადგენენ დასახლების ცენტრს. ეს ყველაფერი კი განსაზღვრავს მოედნის თავისებურებას", – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ორგანიზატორების სიტყვებით, გამოფენას ორგვარი დატვირთვა აქვს: არქიტექტურული და ანთროპოლოგიური, ვინაიდან მოედანი გააზრებულია საცხოვრებელ ადგილად, სივრცედ, სადაც ერთმანეთს ერწყმის საზოგადოება და ქალაქის ისტორია. მოედანი არის სივრცე, რომელიც განპირობებულია არა მხოლოდ მისი შემომსაზღვრელი შენობებით, არამედ ამ შენობების ისტორიითა და მათთან დაკავშირებული ადამიანებით.

ბათუმში თბილისელი და სანქტ-პეტერბურგელი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

პროექტის „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები" ავტორია ბუქარესტის უნივერსიტეტის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის პედაგოგი და ფოტოგრაფი კატალინ დ. კონსტანტინი. კატალინი მრავალი ფოტოგრაფიული კრებულის და ლიტერატურული ნაშრომის ავტორია, რომლებიც ეძღვნება რუმინეთის კულტურულ მემკვიდრეობას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და რუმინელ არქიტექტორთა ორდენის მხარდაჭერით. თბილისთან ერთად გამოფენას ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დაათვალიერებენ.

გამოფენა ოფიციალურად 17:30 საათზე გაიხსნება. მსურველებს ექსპოზიციის დათვალიერების საშუალება 10 ივნისის ჩათვლით ექნებათ.