თბილისი, 28 მაისი – Sputnik. თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობები ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლს А.Л.Ж.И.Р. ყაზახეთში წარმოადგენენ, უამბეს „Sputnik-საქართველოს“ თეატრში.
გრიბოედოველების გასტროლები ყაზახეთის ქალაქებში 29 მაისიდან 3 ივნისამდე გასტანს. თეატრი წარდგება თეატრალურ სცენებზე ნურ-სულთანში, ქოქშეთაუში, ყარაღანდაში, პეტროპავლოვსკში და სოფელ აკმოლში, უშუალოდ პოლიტიკური რეპრესიებისა და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა სამუზეუმო-მემორიალურ კომპლექსში АЛЖИР.
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ყაზახეთში, 31 მაისს ქართული დასი წარდგება ნურ-სულთანში, სახელმწიფო აკადემიური ყაზახური თეატრის სცენაზე. გასტროლების ორგანიზატორია აკმოლინსკის რუსული დრამატული თეატრი.
რის შესახებ არის დრამა А.Л.Ж.И.Р.?
А.Л.Ж.И.Р. — აბრევიატურა იშიფრება, როგორც „სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი" (Акмолинский лагерь жен изменников родины) — პირველი მცდელობაა საქართველოსა და ქართული თეატრის ისტორიაში, როდესაც ხდება მხატვრულ-დოკუმენტური გააზრება იმ პერიოდისა, რომლის დროსაც უდანაშაულო ქალები იყვნენ რეპრესირებული. მათი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების წინაშე მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ ცოლები — ცოლები დაპატიმრებული, გადასახლებული, დახვრეტილი „ხალხის მტრების"…
სპექტაკლში მოთხრობილია სტალინის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საზარელი ადგილის, კუნძულ „გულაგის“ შესახებ. ბანაკში დაახლოებით რვა ათასი ქალი იმყოფებოდა. მათგან 281 — საქართველოდან იყო. თუმცა ეს არასრული სიაა. ბანაკის კედლებში იმყოფებოდნენ რეპრესირებული ცნობილი ადამიანების ოჯახებიდან — მწერალ ბორის პილნიაკის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი, დირიჟორ ევგენი მიქელაძის ცოლი ქეთევან ორახელაშვილი, მწერალ ბულატ ოკუჯავას დედა აშხენ ნალბანდიანი, მწერალ ნოდარ დუმბაძის დედა ალექსანდრა დუმბაძე-ბახტაძე, მამიდა თამარ დუმბაძე… გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლი А.Л.Ж.И.Р.-ის ქართველ ტუსაღებს ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს თეატრის ისტორიაში პირველად პრესტიჟული თეატრალური ჯილდო — ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრიზი მიიღო არა ერთმა მსახიობმა, როგორც ეს პრიზის სტატუსით არის გათვალისწინებული, არამედ, სპექტაკლში დაკავებულმა შვიდმა მსახიობმა ქალმა.
„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან >>
А.Л.Ж.И.Р.-ს დიდი წარმატება ხვდა წილად საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე - „ბალტიის სახლი“ (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), „ტავრიის მელპომენა“ (ხერსონი, უკრაინა), „ოქროს ლომი“ (ლვოვი, უკრაინა), ჩრდილოეთ კავკასიის რუსული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე.