ქართულმა ფილმმა გეი-წყვილის სიყვარულზე კანში ფურორი მოახდინა

ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრებაზე მოგვითხრობს
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" კანის კინოფესტივალის კრიტიკოსების რეიტინგში „ძალიან კარგი ახალი კინო" ცხრა საუკეთესო კინოსურათს შორის მოხვდა.

„გამაოგნებლად ნიჭიერი": ქართველი მსახიობი კანში შეაფასეს>>

ფილმმა რეიტინგში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. თითოეული ნამუშევარი 10-ქულიანი სისტემით შეფასდა. რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა „ოქროს პალმის რტოს" მფლობელმა პონ ჯუნ ხოს ფილმმა „პარაზიტები". მას შემდეგ განტავსდნენ რობერტ ეტგერსის „შუქურა" და პედრო ალმოდოვარის „ტკივილი და დიდება". აღსანიშნავია, რომ საკულტო რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ფილმს „ერთხელ... ჰოლივუდშიც", რომელშიც ბრედ პიტი და ლეონარდო დი კაპრიო მონაწილეობენ, არც ერთი ჯილდო არ მიუღია.

კანის კინოფესტივალმა ჯილდოები დაარიგა: წლის საუკეთესო ფილმების სია

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. ლევან გელბახიანთან ერთად ფილმში თამაშობენ ანა ჯავახიშვილი და ბაჩი ვალიშვილი.

ქართული ფილმის კიდევ ერთი წარმატებაა კანში ის, რომ ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი სტილის შესახებ ამერიკული ჟურნალის W ავტორებმა კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (Festival international du film de Cannes) ყოველწლიური კინემატოგრაფიული ფესტივალია, რომელიც მაისის ბოლოს საკურორტო ქალაქ კანში იმართება. ის ერთ–ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ფესტივალია მსოფლიოში.