თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2-ის გადამღები ჯგუფის თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ორი პირი სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თავდასხმა Rustavi2-ის ჟურნალისტებზე – პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა >>
Rustavi 2-ის მონაცემებით, საუბარია ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც სოფელ აღაიანში შვიდი თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე რეპორტაჟს ამზადებდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ისინი იმის გამო გაემგზავრნენ, რომ იქ მკვლელობაში ბრალდებული დედის - 16 წლის გოგონას ოჯახი ცხოვრობს. თავად გოგონა პატიმრობაშია. ჟურნალისტებს მის ახლობლებთან საუბარი სურდათ.
ტელეკომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათ თანამშრომლებს ხუთი ადამიანი სასტიკად გაუსწორდა.
ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი მრავლობითი მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა). დაკავებულებს ემუქრებათ ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.