ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროსის“ პირველ წრეში თავისი მეტოქის ვინაობა შეიტყო

პირველ წრეში გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი მიშა ზვერევს შეიძლება შეხვდეს
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-18 ნომერი АТР-ს რეიტინგის მიხედვით) „როლან გაროსის“ პირველ წრეში არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში 78-ე პოზიციას იკავებს.

ეს სპორტსმენების პირველი დაპირისპირება იქნება - ამ მომენტამდე ისინი ერთმანეთს არ შეხვედრილან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

მიმდინარე სეზონზე ლონდერომ АТР-250-ის ერთი ტიტული მოიგო. აპრილში სამხრეთამერიკელმა თავის სამშობლოში გამართული Cordoba Open-ის ტურნირი მოიგო. 25 წლის ლონდეროსათვის ეს ერთადერთი წარმატებაა АТР-ს სერიის ტურნირებზე. რაც შეეხება შემდგომ „მასტერსებს“, იქ არგენტინელმა ძალიან წარუმატებლად იასპარეზა. მონტე-კარლოში ლონდერო პირველსავე წრეში გავარდა, მადრიდში კი კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი „როლან გაროსზე“ მე-15 ნომრად არის განთესილი, თუმცა АТР-ს რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს. საქმე ისაა, რომ ქართველი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და 90 ქულა გამოიმუშავა და, შესაბამისად, АТР-ს ლაივ-რეიტინგში ჩვენი ჩოგბურთელი მე-16 პოზიციას იკავებს.

ბასილაშვილისთვის წლევანდელი „როლან გაროსი“ კარიერაში მეხუთეა. ქართველი ჩოგბურთელი სამჯერ გამოეთიშა ტურნირს პირველსავე რაუნდში, ხოლო პარიზის კორტებზე მისი საუკეთესო მიღწევაა - 2017 წელს ტურნირის მესამე წრეში გასვლა, სადაც ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ბასილაშვილმა ნადალს მხოლოდ ერთი გეიმი მოუგო >>

ბასილაშვილი - ლონდეროს წყვილის გამარჯვებული მიშა ზვერევი (103, გერმანია) - რიშარ გასკეს (39, საფრანგეთი) წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

„როლან გაროსი“ – „დიდი სლემის“ სერიის სეზონის მეორე ტურნირია. საფრანგეთის ღია ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 20 მილიონ ევროს აღემატება, ხოლო მოქმედი გამარჯვებული და გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენი (11 ტიტული) ესპანელი რაფაელ ნადალია.