ანაკლიის პორტის ყოფნა-არყოფნა: ხელისუფლება და კრედიტორები ვერ შეთანხმდნენ

მთავრობა არ აპირებს დააზღვიოს ინვესტორის კომერციული რისკები, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სახელმწიფომ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის კრედიტორებმა ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკებზე გარანტიების გაცემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

საქართველოს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს პორტზე, რადგან ის გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო როლს, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს და ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

კონსორციუმი: ფულის გათეთრების საქმე ანაკლიის პორტის მშენებლობას ხელს უშლის >>

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, ამჟამად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

პორტმა მუშაობა 2021 წელს უნდა დაიწყოს, ანუ ორი წლის შემდეგ იქ მთლიანად უნდა დასრულდეს იმ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს ხომალდების მიღებას, ტვირთების ტრანსპორტირება-შენახვას, მაგრამ ამისათვის ფინანსებია საჭირო.

პრემიერი: ანაკლიის პორტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტია საჭირო. სახელმწიფომ 100 მილიონი დოლარის კრედიტის ჩარიცხვის პირობა დადო, ხოლო კონსორციუმს 120 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს. დანარჩენი 400 მილიონი დოლარი კონსორციუმმა კრედიტის სახით უცხოური ინვესტორებისგან უნდა მოიზიდოს.

კრედიტორები მოიძებნა, მაგრამ თანხის საბოლოო მისაღებად მხარეებმა ფინანსური გარიგება უნდა დადონ. აქ კი პრობლემები შეიქმნა.

ფინანსური გარიგების დადება, რომლის შემდეგ მშენებლობის აქტიური ფაზა უნდა დაიწყოს, თავდაპირველი გეგმის მიხედვით 2017 წლის 15 აგვისტოს უნდა მომხდარიყო. თუმცა, კონსორციუმის ინიციატივით ამ თარიღმა სამჯერ გადაიწია. ახლა ფინანსური გარიგების გაფორმება 2019 წლის 15 ივნისს უნდა მოხდეს.

რა ვითარებაა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით: მინისტრმა პრობლემებზე ისაუბრა >>

თუმცა მანამდე კრედიტორებმა რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს. ეს მოთხოვნები ეხება პორტის მშენებლობის ფაზებს, შეთანხმების გაწყვეტის პირობებს, გადაწყვეტილებების მიღების საკითხებში სახელმწიფოს როლის შეზღუდვას.

ყველაზე მთავარ მოთხოვნას ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკის დაზღვევა წარმოადგენს. კრედიტორი ბანკები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ამ კრედიტების უზრუნველყოფა აიღოს თავის თავზე, მეორე მხრივ – ტვირთების შემოსვლის რისკები დაფაროს.

ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას სარეზერვო ანგარიში, რომელზეც კრედიტის უზრუნველყოფის თანხა განთავსდება. სახელმწიფოს ექნება ამ ანგარიშის შევსების უფლება, ხოლო თუ სახელმწიფო არ შეასრულებს ამ პირობას, ბანკები შეძლებენ გაწყვიტონ შეთანხმება და, შესაბამისად, შეთანხმების გაწყვეტის შემდეგ კრედიტის მთლიანი თანხის დაფარვა სახელმწიფოს მოუწევს.

წავა თუ არა ხელისუფლება კომპრომისზე

ამჟამად ხელისუფლება არ აპირებს შეასრულოს მოთხოვნა, რომელიც ტვირთბრუნვის უზრუნველყოფის რისკების საკუთარ თავზე აღებას უკავშირდება.

„იაფფასიანი სპეკულაცია“ - პრემიერმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სკეპტიკოსებს უპასუხა

„არსებობს პოლიტიკური რისკები, არსებობს ფორს-მაჟორი, გარემოსთან დაკავშირებული რისკები, საკანონმდებლო რისკები, რაც სამომავლოდ, შესაძლოა, მოხდეს. ყველა ტიპის რისკზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვართ, მაქსიმალურად ღია ვართ, წავიდეთ ამ დახმარებაზე. რაც შეეხება ბიზნესის კომერციულ, ტვირთების შემოსვლის რისკს, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამაც არ ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფომ დამატებით აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ამასთან ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა პროგრესი, რომელიც ინვესტორებთან მოლაპარაკებებში შეინიშნება და განაცხადა, რომ საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი შეიძლება გახდეს საჭირო.

ამავე დროს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ანაკლიაში პორტი აუცილებლად აშენდება და ამ ეტაპზე ინვესტორების ჩანაცვლება არ განიხილება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აქციების გამოშვებას გეგმავს >>

„პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და, აქედან გამომდინარე, აუცილებლად უნდა აშენდეს. მეორე – ის უნდა აშენდეს რაც შეიძლება დროულად. ამიტომ ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონსორციუმმა შეძლოს მობილიზაცია გაუკეთოს ფინანსურ რესურსს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კონსორციუმი გამოსავალს ეძებს

ამასობაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კომერციული რისკების უზრუნველყოფის ალტერნატივას მიაგნო.

„არ არის კითხვები, არის პრობლემები" – ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პორტის შესახებ

„დარჩა ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთების რისკის დაზღვევას ეხება. ამაზე შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ არის ალტერნატიული ვარიანტები და მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. მათ შორის, ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის ჩართულობით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ამ მექანიზმის დასაზღვევად“, – განაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესიდან გამოირიცხება მთავრობა, მას რაღაც დოზით მონაწილეობა მაინც მოუწევს. ამასთან კონსორციუმის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ ფინანსური გარიგების გაფორმების ვადამ კვლავ შეიძლება გადაიწიოს.

ექსპერტის თვალსაზრისი

ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში აკაკი ცომაიამ ფინანსურ გარიგებასთან დაკავშირებულ უთანხმოებებში პოლიტიკური ქვეტექსტი დაინახა.

პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ? >>

„ვფიქრობ, რომ აქ არსებობს პოლიტიკური ინტერესები და მთავრობას არ სურს ეს ინვესტორები, ამიტომ ის რაღაც მიზეზებს ეძებს, რათა დღეისათვის არსებული შეთანხმებები ჩაშალოს. მესმის, რომ კრედიტის დაზღვევა მთავრობის მიერ მისი ვალდებულება არ უნდა იყოს. ის, ვინც იძლევა კრედიტს, თავის თავზე რისკებსაც იღებს, მაგრამ კრედიტორები საკითხს ასე აყენებენ: რა მოხდება, თუ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება?“ – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ცომაიამ.

ექსპერტის თვალსაზრისით, თუ მთავრობას სჭირდება ეს პროექტი, მან ეს რისკი თავის თავზე უნდა აიღოს.