როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის – რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან

რუბრიკის „მარტივია, როცა იცი როგორ“ სტუმარი – ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე საუბრობს, თუ როგორ უნდა მოამზადოს მშობელმა ბავშვი სკოლისთვის და რა როლი აკისრია ოჯახს.
Sputnik

სკოლაში პირველად წასვლა ბავშვის ცხოვრებაში ახალი გამოწვევაა, ერთგვარი სტრესია. ახალი გარემოა მისთვის და მისი მოლოდინები შეიძლება ნეგატიური იყოს ამ სიახლის მიმართ. მას შესაძლოა აშინებდეს ის, რომ იქ უცხო ბავშვები იქნებიან, მათ რომ ვერ დაუმეგობრდეს? მას ძალიან უყვარს თავისი ბაღის მასწავლებელი და მისგანაც დიდ სითბოს გრძნობს, მაგრამ სკოლაში სხვა მასწავლებელი რომ ეყოლება, ის რომ არ იყოს ასეთი კარგი? სკოლაში როგორ უნდა მოიქცეს, რომ არ იცის? ამიტომ ბავშვს საშუალება უნდა მივცეთ მაქსიმალურად მოგვიყვეს და გადმოიტანოს თავისი ფიქრები და ემოციები, თუ რა როგორ წარმოუდგენია. შემდგომ მნიშვნელოვანია, ერთად წარმოვიდგინოთ და ვისაუბროთ კონკრეტულ დეტალებზე.

ყურადღება! ხვალ პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

სკოლა ცალსახად მეტი რეჟიმი და დისციპლინაა: დილით ადრე გაღვიძება, კონკრეტულ, დათქმულ დროს გამოცხადება, სკოლის მერხთან ჯდომა, წერა-კითხვის სწავლა, მეცადინეობა, კონკრეტული წესებითა და ფორმით დავალებების შესრულება, შემდგომ ისევ მეცადინეობა და ა.შ. აქ არავინ გვეკითხება, დღეს გვინდა თუ არა ადრე გაღვიძება, წერა, ლექსის ზეპირად სწავლა, დღეს ვართ თუ არა მეცადინეობის გუნება-განწყობაზე, ეს ყველასთვის აუცილებელია და არა მხოლოდ იმ დღეებში, როცა ბავშვს უჩნდება ამის სურვილი.

სკოლაში ადაპტაციის პერიოდი უმნიშვნელოვანესია მათთვის, ვინც სკოლაში პირველად მიდის. ადაპტაციის პერიოდი საშუალოდ 3-4 კვირიდან 2-3 თვემდე გრძელდება.

რჩევები:

- გარკვეული პერიოდით ადრე შეატყობინეთ ბავშვს რომ მიდის სკოლაში; რომ ეს მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია.

- მოუყევით და დააინტერესეთ სასკოლო გარემოთი; პოზიტიურად დაანახეთ, თუ რა არის სკოლა, რა საჭიროა, რატომ უნდა იაროს, რისთვის სჭირდება, რას შეიძენს ახალსა და კარგს;

- განუმარტეთ ის განსხვავებები, რაც სკოლასა და ბაღს შორის არსებობს;

მუზეუმები, თეატრები და კინო – ქართველ მოსწავლეებს სიახლეები ელოდებათ

- განუმარტეთ, რომ ისევე, როგორც ბაღში, სკოლაშიც გარკვეული პერიოდით უნდა იყოს თქვენს გარეშე, მაგრამ აუცილებლად მიხვალთ მის წამოსაყვანად. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არის და მარტო არ გადადის იმ ეტაპზე, რომელსაც სკოლა ჰქვია. მან უნდა იცოდეს, რომ ახალ ასპარეზზე მშობელთან ერთადაა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, ბავშვი რეალურად უნდა გრძნობდეს, რომ გვერდით არიან მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები.

- ჩართეთ წინასასკოლო მოსამზადებელ პერიოდში – ჩამოწერეთ ერთად სია, რა სჭირდება სკოლისთვის, ერთად აარჩიეთ სამოსი, ჩანთა და ა.შ. შეუთანხმეთ ყველა დეტალი, რომელიც უკავშირდება მის სკოლაში წაყვანას.

- გააცანით პედაგოგი, დაათვალიერეთ შენობა, მომავალი საკლასო ოთახი;

- მოუყევით პირად გამოცდილებაზე, როგორი იყო თქვენი პირველი დღე სკოლაში.

გაითვალისწინეთ, რომ ის, რასაც თქვენ მოუყვებით ბავშვს სკოლაზე, მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს რეალობას. ამიტომ პირველ რიგში თქვენ უნდა გაეცნოთ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებს. ნუ გადააჭარბებთ ან, პირიქით, მკაცრად ნუ დაუსახავთ სასკოლო გარემოს თქვენ შვილს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს მისი ფრუსტრაცია, რაც გაზრდის მისი შფოთვის დონეს ან დაუკარგავს მოტივაციას.

როგორ ზრდიან ჰოლანდიელები ბავშვებს, თავისუფლება ჰოლანდიურად და სიყვარული ქართულად

- არ არის აუცილებელი სკოლაში შესვლამდე ბავშვმა იცოდეს ყველა ასო-ბგერა, კითხულობდეს გამართულად და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს ახორციელებდეს 20-ის ფარგალში;

- სასკოლო მზადყოფნისთვის მეტად მნიშვნელოვანია ის გაავარჯიშოთ წერითი უნარების, მეტყველებისა და კოგნიტური უნარების (აღქმა, აზროვნება, ყურადღება და მეხსიერება) განვითარებაში, რაც მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს, მაგალითად – ძერწვა, გამოჭრა, წერტილოვანი კონტურით გამოსახულ ფიგურებზე კალმის შემოვლება, საგანთა სახელდება, აღწერა-დახასიათება, საერთო და განმასხვავებელი ნიშნის განსაზღვრა, საკუთარი თავის შესახებ ამბის გადმოცემა და ა.შ.

სასკოლო მზადყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნას. სასკოლო მზადყოფნაა, როდესაც ბავშვი სოციალურად, ემოციურად და ფიზიკურად მზად არის შევიდეს სრულიად ახალ გარემოში, რომელიც უფრო ფორმალურია, ვიდრე სკოლამდელი დაწესებულება ან სახლი.

სასწავლო წლის დაწყების წინ მშობელი უნდა შეეცადოს, მოუწესრიგოს ბავშვს დღის რეჟიმი და ჩამოუყალიბოს დამოუკიდებლად თავის მოვლის ჩვევები: თავისით ჩაცმა-გახდა, ჰიგიენის დაცვა, ჭამა და ა.შ. ამასთან ერთად ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული არანაირად არაა დაკავშირებული სასკოლო ნიშნებთან. როცა ბავშვმა ეს იცის, მას უიოლდება გარკვეული წარუმატებლობების გადალახვა სკოლაში.

მშობელმა უნდა მოამზადოს ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის – სკოლისთვის, წარმატებულ მოქალაქედ ფორმირებისთვის, მეგობრებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის.