თბილისი, 18 მაისი - Sputnik. ჭიათურაში მეშახტეები მესამე დღეა გაფიცულები არიან, ხოლო ხელისუფლება და ოპერატორი კომპანია შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.
გაფიცვა 15 მაისის საღამოს 150-ზე მეტმა მეშახტემ გამოაცხადა. მუშებმა ქალაქის ცენტრში კარავი გაშალეს - იქ იმყოფება 15 ადამიანი, რომლებმაც შიმშილობა დაიწყეს. ისინი მოითხოვენ ხელფასების გაზრდას 50%-ით, შრომის პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო დაზღვევას და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.
ჭიათურაში სულ ცხრა შახტია, რომელზეც მანგანუმის მადანს მოიპოვებენ. გაფიცვის გამო მუშაობა ხუთ შახტზე შეჩერდა. შახტებზე დაახლოებით 3000 ადამიანია დასაქმებული.
მას შემდეგ, რაც გაფიცულებს შეხვდნენ ოპერატორი კომპანია Georgian Manganese-ის წარმომადგენლები, გაირკვა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია მხოლოდ ერთი მოთხოვნის შესრულება - ხელფასის მომატება, იუწყება პირველი არხი.
„ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სპეციალურ მმართველს გააჩნია ეფექტიანი ხედვა და გეგმა ამ პრობლემის სისტემურად გადასაწყვეტად“, - აღნიშნა კომპანიამ.
ათობით დაღუპული მუშა: მშენებარე ობიექტებს რეიდების ტალღა გადაუვლის >>
„თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობა - კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე.
კვირას ჭიათურის რაიონში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ჭიათურის მერობის მთავარი კანდიდატები >>
ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ. მანგანუმის მადნის და კონცენტრატის ექსპორტმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამჯერ მეტია.