თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ყაზახეთი საქართველოს ყაზახური ხორბლის ქართულ ბაზარზე შემოტანაში დაეხმარება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთში იმყოფება.
„დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ხორბალი დომინირებს. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით – ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას, სუბსიდირებას გაუწევს ხორბლის გადაზიდვებს თავის ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად", – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.
მისი აზრით, ეს ზოგადად მოხსნის ამ სტატეგიული პროდუქტის ქართულ ბაზარზე მოწოდების პრობლემას.
„თბილისში დაბრუნებისთანავე დავიწყებ შეხვედრებს ქართველ მეხორბლეებთან და ამ დარგში მომუშავე ასოციაციებთან, რათა ჩვენმა ქართულმა კომპანიებმა, იმპორტიორებმა, ვინც ჩართული არიან ამ ბიზნესში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რომელიც სამთავრობო დონეზეა შეთანხმებული", – აღნიშნა თურნავამ.
ადრე საქართველო და ყაზახეთი შეთანხმდნენ ყაზახური ხორბლის ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებაზე და საქართველოში მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდაზე. შეთანხმება მიღწეულია აპრილის ბოლოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში.
ჯერ კიდევ ხუთი-ექვსი წლის წინ ყაზახეთი საქართველოსთვის ხორბლის ძირითადი მომწოდებელი იყო. მაშინაც ყაზახეთის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტის სატრანსპორტო ხარჯებზე სუბსიდიას გამოყოფდა და საქართველო პროდუქციას მისთვის მისაღებ ფასად იძენდა. სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შეწყვეტისთანავე საქართველოსთვის ამ პროდუქტის ყაზახეთიდან შემოტანა წამგებიანი გახდა.