საქართველო „ევროვიზია 2019“-ზე: როდის იმღერებს ოთო ნემსაძე

თელ-ავივში  ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სამშაბათს, 14 მაისს იმღერებს
Sputnik

ოთო ნემსაძე ენერგიული, ქარიზმატული და მიზანდასახული მომღერალია, რომელიც ძალას არ იშურებს, ევროპულ სცენაზე თავისი ქვეყანა ღირსეულად რომ წარმოაჩინოს. რამდენად გამოუვა და მიაღწევს თუ არა ფინალამდე, ამას მალე გავიგებთ.

რატომ მაინცდამაინც ოთო ნემსაძე?

ოთო ნემსაძე შესანიშნავი ვოკალისტია ძლიერი, ოდნავ ხრინწიანი ხმითა და სასიამოვნო ტემბრით. ნემსაძეს საქართველოში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთშიც კი არაერთხელ მოუპოვებია მუსიკალურ ასპარეზზე გამარჯვება და აღიარება. ოთომ ქართულ ეროვნულ მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავში" გაიმარჯვა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ჩატარდა. შემსრულებელმა დანარჩენი კონკურსანტები საგრძნობი სხვაობით დაამარცხა. ოთოს მხარი ტელემაყურებელთა 44,13%-მა დაუჭირა. 

„თქვენი მხარდაჭერა მჭირდება" – ოთო ნემსაძე ემიგრანტებს მიმართავს

ოთარი (მომღერლის სრული სახელი) წარმოშობით გორიდანაა. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი. თუმცა, ბიზნესსაქმიანობას არ გაჰყოლია და უპირატესობა მიანიჭა მუსიკას, რომლითაც ბავშვობიდან იყო გატაცებული.

ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუ „ჯეოსტარში" გაიმარჯვა. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინული „ხმის" (Голос) ფინალში მოხვდა. მაშინ ოთო მუსიკოსისა და შემსრულებლის სვიატოსლავ ვაკარჩუკის გუნდში მოხვდა. იმავე წელს ნემსაძემ გამოუშვა სადებიუტო ალბომი „ფიქრების ზღვა". 

საქართველო „ევროვიზია 2019“-ზე: როდის იმღერებს ოთო ნემსაძე

2016 წელს ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი მიიწვიეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შოუში – Britain's Got Talent (ბრიტანული „ნიჭიერი"). თუმცა, მას არ გაუმართლა, რადგან ვერ მიიღო ლონდონის ვიზა.

მიუხედავად ამისა, ოთოს ფარ-ხმალი არ დაუყრია. პირიქით, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო, რათა მოეპოვებინა უფლება საერთაშორისო არენაზე – „ევროვიზიაზე" საქართველოს წარმოსაჩენად. 2017 წელს თავის ბენდ „ლიმბოსთან" ერთად მონაწილეობა მიიღო ეროვნულ შესარჩევ ტურში კომპოზიციით Dear God („ძვირფასო ღმერთო"), მაგრამ უშედეგოდ. მიზანს მომღერალმა 2019 წელს მაინც მიაღწია.

„ევროვიზია 2019": როდის გამოვა საქართველო?

წელს საქართველო „ევროვიზიაზე“ წარადგენს სიმღერას „სულ წინ იარე“. ოთო ნემსაძე სცენაზე 14 მაისს, ნახევარფინალის მეორე დღეს, 11 ნომრით გამოვა. 

Eurovision 2019: ესპანელები ოთო ნემსაძეს გაიცნობენ

ოთოს ბექვოკალი ხუთი მომღერლისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი მიშო ჯავახიშვილი „ირიაოს" სოლისტია. ჯგუფმა „ევროვიზიაზე“ საქართველო 2018 წელს წარადგინა. წელს მომღერლის სასცენო იმიჯზე იზრუნა დიზაინერმა გიორგი შაგაშვილმა, რომელიც ცნობილია შავი ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

ნიშანდობლივია, რომ ოთო ნემსაძემ საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ქართველ ემიგრანტებს მიმართა და მათ ერთად დგომისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ოთო ნემსაძისთვის ხმის მიცემა გულშემატკივრებს შეეძლებათ 14 მაისს, ნახევარფინალში, ცენტრალური ევროპის დროით 21:00 საათიდან.

 „ევროვიზია“, ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადმოიცემა და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ისტორია „ევროვიზიაზე“

საქართველოს დებიუტი „ევროვიზიის“ კონკურსზე 2007 წელს შედგა: პირველად ქვეყანა სოფო ხალვაშმა წარადგინა სიმღერით „Visionary Dream“ და მე-12 ადგილზე გავიდა. 

ევროვიზია-2019: ოთო ნემსაძე თელ-ავივში გაფრინდა

საქართველოს საუკეთესო შედეგი „ევროვიზიაზე“ სოფო ნიჟარაძემ (2010) და ჯგუფმა Eldrine-მა (2011) მოუტანეს. მათ მე-9 ადგილი დაიკავეს. დიანა ღურწკაიამ და ნინა სუბლატმა საქართველოს მე-11 ადგილი მოუტანეს, სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტმა - მე-15 ადგილი, ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Lolitaz-მა - მე-20 ადგილი.

 „ევროვიზიის“ კონკურსში საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში ფინალში ვერ მოხვდნენ ანრი ჯოხაძე, თამარ გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე და ჯგუფი „შინ“, ასევე ეთნოჯაზ ბენდი „ირაო“.

ბუკმეკერების პროგნოზები

„ევროვიზია 2019“-ზე ბუკმეკერები გამარჯვებას ნიდერლანდელ დუნკან ლორენსს უწინასწარმეტყველებენ. იგი მაყურებლის წინაშე სიმღერით „Arcade“ 16 მაისს წარდგება. დუნკანის ვიდეორგოლმა დაახლოებით 7,7 მილიონი ნახვა დააგროვა.

მეორე ადგილს, მათი ვარაუდით, სიმღერით Too Late For Love შვედი ჯონ ლუნდვიკი დაიკავებს. 

საქართველო „ევროვიზია 2019"-ზე: ვინ არის ოთო ნემსაძე

ბუკმეკერების პროგნოზით, მესამე ადგილის პრეტენდენტია ფრანგი ბილალ ასანია სიმღერით Roi. მომდევნო, მეოთხე ადგილის - რუსი სერგეი ლაზარევი სიმღერით Scream, მეხუთე ადგილს კი კომპოზიციით Truth აზერბაიჯანელ ჩნგიზ მუსტაფაევს უწინასწარმეტყველებენ.

ქართველი ოთო ნემსაძე, ბუკმეკერების პროგნოზით, 37-ე ადგილს იკავებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბუკმეკერების პროგნოზი „ევროვიზია 2019“-ის ლიდერების ხუთეულთან დაკავშირებით კონკურსანტების რეპეტიციის შემდეგ შეიცვალა. ცოტა ხნით ადრე ფავორიტების ხუთეულში შედიოდნენ დუნკან ლოურენსი, სერგეი ლაზარევი, ლუკა ხანი, ალესანდრო მაჰმუდი და ჯონ ლუნდვიკი. როგორ გამართლდება ბუკმეკერების პროგნოზი და ვინ გაიმარჯვებს - სულ მალე გახდება ცნობილი.