ხვალ მახათას ტაძარი იხსნება - გზებზე შეზღუდვები დაწესდა

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს
Sputnik

თბილისი, 11 მაისი - Sputnik. ხვალ მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, აღნიშნულია საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა იქნება ცალმხრივად „წრიული” შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით.

სიახლე მახათას მთაზე: თბილისში ახალი მუზეუმი აშენდება

ასევე, ტრანსპორტის იმოძრავებს ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათას მთაზე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: მეტროსადგურ „ვარკეთილი", ვაზისუბნის მე-2 მ/რ , მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, „ჰუალინგის“ მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი მე-2 მ/რ, მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს.

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას საძირკველი 2012 წლის 17 აპრილს ჩაეყარა, ტაძრის საძირკვლის გასათხრელად ნიჩბით მიწა პირველად კათოლიკოს-პატრიარქმა ამოიღო.