როენა ხუცურაულმა, იგივე „მამიდამ“ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ბრალდებულმა 30 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა
Sputnik

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით როენა ხუცურაულ, იგივე „მამიდა", რომელსაც პროსტიტუციისთვის ხელშეწყობა და ადგილის გადაცემა ედება ბრალად, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„პროსტიტუციაც პატიოსანი შრომაა“ – „გირჩმა" საკუთარ ოფისში ბორდელი გახსნა

ხუცურაულს, რომელიც სასტუმრო „მამიდის“ მფლობელია, 30 ათასი ლარი გირაოს გადახდა დაეკისრა.

როენა ხუცურაულმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა. ხუცურაულმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

მას რუსთავის ქალთა ციხესთან ადვოკატი და ახლობლები დახვდნენ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ბრალდებულმა 30 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა, თუმცა მას თანხის გადასახდელად 15-დღიანი ვადა ჰქონდა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„აღიარა დანაშაული და გააგრძელებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ჯერ სასამართლო განხილვები იქნება და დანარჩენს ვნახავთ“, - განაცხადა არჩილ დვალიშვილმა.

 

დაცვის მხარემ გუშინ 20 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, პროკურატურა ჯერ პატიმრობას ითხოვდა, მოგვიანებით კი შუამდგომლობა 40 ათასლარიან გირაოზე დააყენა.

„დავიხსნათ „მამიდა“ სისტემის კლანჭებიდან“ – Facebook-ზე როენას დაკავებაზე ღადაობენ

საბოლოოდ, ბრალდებულს 30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. 

„მამიდასთან“ ერთად დააკავეს სასტუმრო „მამიდის“ მოიჯარე, მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი. მეორე ბრალდებულს ზინაიდა ქორიძეს ასევე გირაო, კერძოდ კი 20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი საკუთარ სასტუმროებში პროსტიტუციისთვის ნომრებს სისტემატურად აქირავებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. ჩადენილი დანაშაული ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის მარტში აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სასტუმრო „მამიდის" ადმინისტრატორი და სასტუმრო "მზის" მფლობელი და ადმინისტრატორიც დააკავეს.