თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისში, დიღმის მასივში N46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი 60 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.