სუს-ი „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორებს აფრთხილებს

„უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორების გარდა, სუს-მა სხვა ორგანიზაციებიც გააფრთხილა
Sputnik

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) „უკვდავი პოლკის“ აქციის ორგანიზატორებს კანონით აკრძალული საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„უკვდავი პოლკის“ აქცია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად თბილისის ცენტრში - ჭავჭავაძის გამზირსა და გამარჯვების პარკში 9 მაისს გაიმართება.

ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

როგორც სუს-ში აცხადებენ, მსგავსი გაფრთხილება „უკვდავი პოლკის“ მსგავსად სხვა ორგანიზაციებსაც დაეგზავნათ.

მოძრაობა „უკვდავი პოლკი“  - არის შესაძლებლობა იმის ჩვენებისა, რომ გამარჯვებულთა შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს წინაპრების გმირობასა და გამარჯვების მნიშვნელობას. მარში ტრადიციულად 9 მაისს საქართველოში, რუსეთში, ესტონეთში, ბელარუსში, მოლდავეთსა და სხვა სახელმწიფოებში იმართება.

ორგანიზატორებმა საქართველოში „უკვდავი პოლკის“ სიმბოლიკაც შეიმუშავეს - ეს იქნება წმინდა გიორგის გამოსახულება, როგორც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლო, და მელიტონ ქანთარიასა და მიხეილ ეგოროვის - იმ ქართველი და რუსი მეომრების პორტრეტები, რომლებმაც 1945 წლის 1 მაისს რაიხსტაგზე დროშა აღმართეს.

წელს მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე პირველად გაიმართება. ადრე მსგავსი ღონისძიებები მხოლოდ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და მარადიულ ცეცხლთან ტარდებოდა.

გორში ტურისტების მოსაზიდად სტალინის ძეგლის დადგმის იდეა გაჩნდა >>

თბილისის გარდა მსვლელობა მოეწყობა ბათუმში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და გორში.

საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში აკრძალულია კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენება. „თავისუფლების ქარტიის“ მიხედვით, კომისიის მოთხოვნათა შეუსრულებლობას მოჰყვება გაფრთხილება, კანონის ხელმეორედ დარღვევას კი - ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.