ტერორისტული საფრთხე: რამდენი მომხრე ჰყავს „ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ქვეყნის რამდენი მოქალაქე წავიდა ტერორისტების მხარეს საბრძოლველად.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" მომხრეთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ ტერორიზმის საფრთხის გამორიცხვა მაინც არ შეიძლება, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

სირიაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა>>

გომელაური პარლამენტში 2018 წელს სუს-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა. დოკუმენტში შევიდა მონაცემები ქვეყანაში კორუფციის, ტერორიზმის საფრთხეების, კონტრდაზვერვის მუშაობის, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ საფრთხეებთან ბრძოლისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრებ „ისლამური სახელმწიფოს" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს. აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია", – განაცხადა გომელაურმა.

ტერორისტები ტრანზიტისთვის საქართველოს სულ უფრო იშვიათად იყენებენ

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე იბრძვის ტერორისტების მხარეს საზღვარგარეთ.

ერაყსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში 2018 წელს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, კიდევ 20 ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში იბრძვის. სუს-ი აგრძელებს მუშაობას და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ქვეყანაში მათ დაბრუნებასთან დაკავშირებით, განაცხადა გომელაურმა.

ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლებით 2018 წელს ათი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.