ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

ოჯახური წყვილი და მათი ორი ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით მოკლეს
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სოფელ ყანდაურაში მოკლული ყველა პირი ერთმანეთის ნათესავი იყო, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

შემზარავი ტრაგედია საგარეჯოში: 85 წლის კაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა >>

85 წლის პენსიონერი შვილისა და რძლის, ასევე მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის (ხანდაზმული ქალის და მისი ვაჟის) მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, დაჭრილია ამ ადამიანის 76 წლის მეუღლე, რომელიც ლოგინად არის ჩავარდნილი. დანაშაული პარასკევს დილით მოხდა.

ცოლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობა: ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ყანდაურელები ამტკიცებენ, რომ ტრაგედია ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ბრალდებულმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. ეს მოსაზრება ემყარება იმ გარემოებას, რომ პენსიონერმა ნათესავებს თვითონ დაუძახა დასახმარებლად, თითქოს მისი მეუღლე თავს ცუდად გრძნობდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ, რაც ნათესავები სახლში შევიდნენ, პენსიონერმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნა. შემდეგ მამაკაცმა მოკლა თავისი 54 წლის ვაჟი, ბოლოს - 44 წლის რძალი. მათი სამი არასრულწლოვანი შვილი ობლებად დარჩნენ.

შსს-ს მონაცემებით, ბოროტმოქმედი თავისი მსხვერპლების მისამართით მიჯრით ისროდა. მან ასევე თავისი ცოლი დაჭრა და სხვა ადამიანების მოკვლით იმუქრებოდა.

ექიმების განცხადებით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, ის კომაშია. საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოდან ის თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ბრალდებული კონფლიქტური ადამიანია და ადრე პირუტყვის ქურდობისთვის არის ნასამართლევი.

ტრაგედია გურჯაანში: 69 წლის მამაკაცმა  შვილი მოკლა >>

ტრაგედიის ადგილზე მუშაობას ექსპერტ-კრიმინალისტები აგრძელებენ.

ბრალდებული პოლიციის განყოფილებაშია, მოკლულების ცხედრები სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. პენსიონერს უვადო ან 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.