თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ქართულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია MyWay Airlines-მა დაიწყო პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულება მარშრუტით თბილისი-მოსკოვი, ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გრაფიკის მიხედვით, კომპანია თბილისიდან მოსკოვის აეროპორტ „ჟუკოვსკის“ მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით, ხოლო 1 ივლისიდან ასევე ორშაბათობით.
პირდაპირ რეგულარულ რეისებს თბილისიდან რუსეთის ქალაქების მიმართულებით ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანიები „აეროფლოტი“, „პობედა", S7 Airlines, „ურალის ავიახაზები“ და Nordavia-Regional Airlines.
MyWay Airlines ჩინურმა კომპანია Hualing Group-მა 2018 წელს დააარსა და ამჟამად ის ფრენებს მხოლოდ ტელ-ავივის მიმართულებით ასრულებს.
გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ჩინეთიდან 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავია იმპორტირებული. პირველი რეისი ავიაკომპანია MyWay Airlines-მა მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.
თბილისსა და კიევს დაბალბიუჯეტიანი „ახალგაზრდა" ავიაკომპანია დააკავშირებს >>
კომპანია Hualing Group საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის ერთ-ერთი პროექტია 2015 წლის ოლიმპიური ახალგაზრდული სპორტული ფესტივალისთვის თბილისის გარეუბანში ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, სადაც ის ახლაც აგრძელებს დიდი დასახლების მშენებლობას.