თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს გარკვეული ცვლილებების შეტანას დაკრედიტების პოლიტიკაში, თუმცა ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩება.
საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.
„ვფიქრობ, რეგულაციის დადებითი ეფექტები საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეგულაციაში ტექნიკური ცვლილებები არ შეიძლება შევიდეს. თუმცა, რეგულაციის მთავარი პრინციპი, რომ სესხი გაიცეს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების საფუძველზე, არ შეიცვლება“, - წერს გვენეტაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
როგორც ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, ფიზიკური პირების დაკრედიტებისას პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგი იპოთეკური სესხების პროცენტის შემცირება გახდა.
ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა >>
„დღეს უკვე ახალი პროდუქტები გამოჩნდა ბაზარზე - „სესხი რეპეტიტორებს“, ასევე სპეციალური, გამარტივებული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის ბინის შესაძენად ან მათთვის, ვინც საქართველოშია, მაგრამ საზღვარგარეთიდან გზავნილებს იღებს. ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითები, რომ რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისათვის ახალ, გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს აჩენს“, - წერს გვენეტაძე.
ადრე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საბანკო სექტორში ახალი წესები ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის არის საჭირო. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეროვნული ბანკის ხაზს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.