ბავშვებით ვაჭრობის საქმე - თბილისის სასამართლომ უკრაინელ ქალს პატიმრობა შეუფარდა

უკრაინის მოქალაქის, იულია სუსლიაკის საქმეზე გამართული სასამართლო მოსმენა დახურული იყო
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ზომად პატიმრობა შეუფარდა 37 წლის უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის მიმართ, რომელსაც არასრულწლოვნებით ვაჭრობა ედება ბრალად, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„არანაირი ვაჭრობა არც ბავშვებით, არც ორგანოებით არ ყოფილა“ - დაკავებული ქალის მეუღლე >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ სუსლიაკი მოსკოვიდან 8 აპრილს ათ არასრულწლოვანთან ერთად ჩამოვიდა და მათთან ერთად საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. მისი მეუღლე - იური სუსლიაკი ამჟამად სწორედ იქ იმყოფება.

ათი ბავშვის დედა თუ მოძალადე? ზუგდიდში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

იულია 26 აპრილს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ი. ს.-ს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით,  ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე მისი გადაყვანა, გადამალვა, ტრანსპორტირება და შეფარება, ჩადენილი ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ (ათი არასრულწლოვანი), დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლო სხდომა დახურული იყო.

„ფორმალური საფუძვლების შეფასების შემდგომ, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და  არასრულწლოვნებზე ზემოქმედების საფრთხე“, - ნათქვამია განცხადებაში.

„სად არის მე-11 ბავშვი?“ - დასახელდა უკრაინელი ქალის დაკავების დეტალები >>

სხდომის დახურვამდე სუსლიაკმა განცხადება გააკეთა.

„მე თავიდანვე მქონდა მოთხოვნა, რომ ეს არ ყოფილიყო საჯარო, დაეცვათ ჩემი შვილები ჟურნალისტების ჩარევისგან. ყველა ნებისმიერი სხვა ადამიანისგან, იმათ გარდა, ვინც დღეისთვის პასუხისმგებელია ჩემი შვილების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ნებისმიერი ჩარევა ჟურნალისტებისა თუ სხვა ორგანოების უნდა იყოს ჩემთან შეთანხმებული ჩემი ადვოკატის მეშვეობით”, – განაცხადა იულია სუსლიაკმა პირველი არხის ეთერში.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იულია სუსლიაკი ბავშვებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაქირავებ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.

მან მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც ათივე ბავშვი კვებითი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა.

მედიის ინფორმაციით, მოწმეთა გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ბრალდებული ბავშვების მიმართ აგრესიას ავლენდა და მათ ცუდ პირობებში ამყოფებდა. ბავშვების უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება.

ტრეფიკინგის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, ორი მათგანი დღემდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, დანარჩენი რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში – მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ ბავშვთა სახლში.

იულიას მეუღლე, იური სუსლიაკი ამტკიცებს, რომ მათ არც არასრულწლოვანთა, არც ორგანოებით ვაჭრობა არ ჩაუდენიათ. მან ასევე განაცხადა, რომ ის და დედამისი თანახმანი არიან გაიკეთონ დნმ-ის ანალიზი, რათა ბავშვების მამობა დაამტკიცოს.

იურიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იულიას ადვოკატს გააჩნია ყველა დოკუმენტი, რომელიც ყველა ბავშვის მათთან გენეტიკურ კავშირს ადასტურებს.