„ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში“ - ლევან ჯიბღაშვილი მის წინააღმდეგ აგორებულ ჭორებს პასუხობს

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ის ადვოკატმა შეაჩერა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ქართველი მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გამოთქვა გაკვირვება იმ ნეგატივის გამო, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ იგრძნო.

რისთვის სჭირდებოდა ლევან ჯიბღაშვილს ნარკოტიკი: ადვოკატის განმარტება >>

ჯიბღაშვილი 21 აპრილს, ღამით დააკავეს. მის მანქანაში იპოვეს ჩანთა ნარკოტიკებით (0,6 გრამი კოკაინი და დაახლოებით 0,2 გრამი ექსტაზი). მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენი 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

„მე ვუთხარი ჩემს ადვოკატს - თუ ეს ხალხი რასაც იძახის, მე თუ ერთადერთი ექსკლუზიური შემთხვევა და მოვლენა ვარ, რომ მე შემიფარდეს გირაო და მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არავისზე არ გავრცელებულა, მაშინ არ მინდა გარეთ ყოფნა, ჩემი ფეხით წავალ ისევ ციხეში. მაგრამ მითხრა ადვოკატმა - ლევან, შენი მუხლით კი არა, შენზე ბევრად მძიმე მუხლებითაც ადამიანებზე გაფორმებულა საპროცესო გარიგება და გირაო“, - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.

ცნობილია ლევან ჯიბღაშვილის მანქანაში ნაპოვნი ნარკოტიკების ექსპერტიზის შედეგები

გარდა ამისა, მსახიობმა სიცრუე უწოდა იმას, რომ მისი მანქანის სანომრე ნიშანი ოპერმუშაკების ნომრების სერიიდანაა, და თითქოს ამიტომ საპატრულო პოლიცია მას არ აჩერებდა და ჯარიმებს არ უწერდა.

„ამ ნომრებზე ჩვეულებრივად მიდის ჯარიმები, მანქანა გაფორმებულია ჩემზე და მე არანაირი ოპერატიული ნომრებით არ ვსარგებლობ. ამირანს ვეტყვი (ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - რედ.) და ის გამოითხოვს ამ ნომრებზე გამოწერილ ჯარიმებს და დოკუმენტებს, რომელი წლიდანაა ეს ნომრები ჩემს სახელზე გაფორმებული“, - განაცხადა ჯიბღაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი მისი კომპანიის სახელწოდება - შპს „სუს“ იშიფრება როგორც „სულიერება და სიბრძნე“. ის როგორც საქველმოქმედო კომპანია 2015 წელს შეიქმნა. ჯიბღაშვილი აცხადებს, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან - სუს-თან არანაირ კავშირში არ არის.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში

ჯიბღაშვილის გათავისუფლების შემდეგ მედიაში გამოჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს შსს-ში მისი კავშირების წყალობით მოხდა. ამის დასადასტურებლად გავრცელდა ფოტოები, სადაც მსახიობი არაფორმალურ გარემოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კახა საბანაძესთან ერთად არის გადაღებული.

საპასუხოდ ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ნახევარ საქართველოსთან აქვს გადაღებული ფოტო და, შესაბამისად, საბანაძესთან საერთო ფოტოები არაფერს ნიშნავს.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯიბღაშვილი სერიალ „დეტექტივების“ ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია.