გაიაფდება თუ არა ყაზახური ხორბალი ქართული ბეღლისთვის

ყაზახეთი, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ექსპორტირებული ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას დათანხმდა.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლებს ხორბლის ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებისა და შემდგომ მისი საქართველოში ექსპორტის მოცულობის გაზრდის თაობაზე შეუთანხმდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში პურის გაძვირება>>

თურნავამ ახალ თანამდებობაზე თავისი პირველი სამუშაო ვიზიტი სწორედ ყაზახეთში განახორციელა.

„მოვილაპარაკეთ, რომ ყაზახეთი თავისი სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებას გაუწევს ყაზახური ხორბლის მოწოდებას საქართველოს ბაზარზე და ტარიფებს 50%-მდე დაწევს, რაც საშუალებას მოგვცემს, შედარებით ხელმისაწვდომ ფასებში მივიღოთ ყაზახური ხორბალი და ეს პრობლემა კარდინალურად გადავწყვიტოთ", – განაცხადა თურნავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ იქნება მიღებული. როდის შედგება ვიზიტი, ჯერჯერობით უცნობია.

ბეღელი ცარიელია, რუსეთში მოსავლის შემცირებას ელიან - გაძვირდება თუ არა პური საქართველოში

ჯერ კიდევ ხუთი-ექვსი წლის წინ ყაზახეთი საქართველოში ხორბლის მთავარი მომწოდებელი იყო. მაშინ ყაზახეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტის ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირება მოახდინა, შესაბამისად, საქართველო პროდუქციას მისაღებ ფასად ყიდულობდა.

„ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტის, ხორბლის მოწოდება დივერსიფიცირებული იყოს. დღეს ჩვენ ბაზარზე დომინირებს რუსული ხორბალი", – აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ბოლო სამი წელია ხორბლის 90% რუსეთიდან შემოაქვს. ამ პროდუქტის ერთი ტონა დაახლოებით 244 აშშ დოლარი ჯდება. ეს საქართველოსთვის ამჟამად ყველაზე მისაღები ფასია. ყაზახური ხორბალი 260 დოლარი ჯდება, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ქვეყნის ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ.